17 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
გამოხატვის თავისუფლება თუ მიზანმიმართული პროვოკაცია - რატომ მოინდომებს ოპოზიციონერმა აქტივისტებმა "ოცნების" შეკრებისთვის მომზადებული სცენით სარგებლობა

პროვოკაციის მცდელობაში მმართველმა პარტიამ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი კონკრეტული შემთხვევების გამო დაადანაშაულა. აქციის მონაწილეების სურვილს პარლამენტის წინ "ქართული ოცნების" დღევანდელი შეკრებისთვის განკუთვნილი სცენა გვიან ღამითვე დაეკავებინათ - სახელისუფლებო პარტია პროცესების მიზანმიმართულ დაძაბვას უწოდებს. მმართველ ძალაში აცხადებენ, რომ მსგავსი მეთოდები მათ მოწინააღმდეგეებს საზოგადოებაში მუხტის შესანარჩუნებლად სჭირდებათ.

ვიდრე მომიტინგეები პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებდნენ, მანამდე მათი შეკრების მთავარი წერტილი რესპუბლიკის მოედანი იყო. სწორედ ამ ლოკაციიდან და კონკრეტული მოწოდების შემდეგ გადავიდნენ უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოსთან. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს რატი ამაღლობელმა მიმართა და პარლამენტამდე ფეხით მსვლელობისკენ მოუწოდა, ადგილზე მისულებს კი საკანონმდებლო ორგანოს გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეეკრათ, გაისმა ულტიმატუმიც.

საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის შემდეგ ორგანიზატორების გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. პარლამენტის წინ მათ იმ სცენის დაკავება მოითხოვეს, რომელიც სულ სხვა აქციისთვის-სახელისუფლებო პარტიის და მათი მხარდამჭერების შეკრებისთვის იყო განკუთვნილი.

მოწოდებიდან რამდენიმე წუთში, პარლამენტის წინ პროცესები გამწვავდა. სცენის დაკავების მსურველებს კონსტრუქციაზე ასვლის უფლებას სამართალდამცავები არ აძლევდნენ. სწორედ ამ დროს უწევდნენ მომიტინგეები პოლიციას ფიზიკურ წინააღმდეგობას. იყო შემთხვევა, რომ სამართალდამცველებს ესროლეს წყლის ბოთლი. ვითარება ყველაზე მეტად მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის ნაწილმა სცენასთან განლაგებული რკინის ჯებირებისა და პოლიციის ცოცხალი კედლის გარღვევა სცადეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებულ მოვლენების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. უწყებამ შეკრებილებს მოუწოდა არ გასცდენოდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი მისი მხრიდან კანონის დარღვევას გამორიცხავს. გიორგი ვაშაძის თქმით, აქცია მშვიდობიანი იყო და მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის ინტერესია მომხდარი პროვოკაციად შეფასდეს.

დაძაბული ფონის შექმნაში ოპოზიცია სახელისუფლებო ძალასა და პოლიციას ადანაშაულებს. მათი თქმით, პროცესები არ გამწვავდებოდა პარლამენტის წინ დამონტაჟებულ სცენაზე ასვლის და იქ საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გადმოფენის უფლებას რომ მისცემოდათ

"ქართული ოცნების" მერ ინიციირებული პროექტის წინააღმდეგ აქცია დედაქალაქის მთავარ გამზირზე გვიანობამდე გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში საპოლიციო ძალებთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა. სამართალდამცველებმა კონკრეტულ შემთხვევებში გამოიყენეს წიწაკის სპრეი. დაშავებულების ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ერთი სამართალდამცველიც, 2 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დააკავეს ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მასზე, რაც პარლამენტის წინ მოხდა, პასუხისმგებელი ოპოზიციაა, რადგან მიიჩნევენ, რომ სწორედ მათ ინტერესშია პროცესების რადიკალიზება.

პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების გამო, ადგილზე სპეცრაზმიც მოაბილიზეს. სპეციალური დანიშნულების რაზმი თავისუფლების მოედანზე განლაგდა, თუმცა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ აქციის მონაწილეებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

ცოცხალ ძალასთან ერთად, პარლამენტის გვერდით მობილიზებული იყო ტექნიკაც თუმცა, ამ შემთხვევაში, წყლის ჭავლის მანქანის გამოყენების საჭიროება არ ყოფილა.

რესპუბლიკის მოედანზე გუშინ საღამოს დაწყებული საპროტესტო აქცია ღამის სამი საათისთვის პარლამენტის წინ დასრულდა.

დღის ამბები