17 მაისი 2024,   05:23
ვრცლად
თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს - მსურს, მათ მადლობა გადავუხადო ურყევი მხარდაჭერისთვის - ირაკლი ჩიქოვანი

დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საერთაშორისო პარტნიორებს თანამშრომლობისა და თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"თანამედროვე ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მსურს მადლობა გადავუხადო მათ საქართველოსადა თავდაცვის ძალების ურყევი მხარდაჭერისა და ათწლეულების განმავლობაში მის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს, როდესაც საფრთხეშია უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა, მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში, მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება", - განაცხადა ჩიქოვანმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია, ჯარისა და მოსახლეობის ერთიანობა.

"თანამედროვე გამოწვევების პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომელიც ემსახურება ჩვენი ჯარის გაძლიერებას, სათანადო აღჭურვას, მზადყოფნის ამაღლებას და თითოეულ თქვენგანზე ზრუნვას. ქართული ჯარი თანამედროვე გამოწვევებისა და რეალური საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა გახდეს კიდევ უფრო ადაპტირებული ტექნოლოგიურ ცვლილებებთან, სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული, თითოეული სამხედრო კი უფრო მეტად დაფასებული. რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რეალობაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანა და ასევე, საზოგადოების კონსოლიდაცია, ჯარისა და მოსახლეობის ერთიანობა. ჩვენი ჯარი, დიდი ოჯახი არის ინდივიდების ერთობლიობა, რომელიც ემსახურება უმაღლეს სახელმწიფოებრივ მიზანს, დაიცვას ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მან აღნიშნა, რომ თავისუფლებისა და გლობალური მშვიდობისთვის ბრძოლაში საქართველომ მძიმე ფასი გადაიხადა.

"ჩვენი გმირები არიან ჩვენი სიამაყის საფუძველი, რომლებიც განასახიერებენ გაუტეხელ საქართველოს, რომელიც არასდროს დათმობს თავისუფლებას", - განაცხადა ჩიქოვანმა.

დღის ამბები