17 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
"გზავნილად მივიღეთ, რომ 2030 წელს გაფართოების შემდგომი ტალღა იქნება" - საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს მიეძღვნა. 
 
ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში. 
 
მინისტრმა განაცხადა, რომ ქართული მხარე განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში რეფორმების განხორციელების კუთხით. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მორიგ წარმატებას მიაღწევს ამ პროცესში.
 
"ძალიან სიმბოლური იყო, რომ ვიყავით ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც კანდიდატს ქვეყნის სტატუსი აქვთ.  ეს იყო მსჯელობა სხვადასხვა მიმდინარე საკითხზე ევროკავშირის შიგნით. რა თქმა უნდა, შესაძლებლობა მქონდა, მესაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ გაატარა. 
 
მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ჩვენთვის კანონის უზენაესობა და კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სივრცესთან და ევროკავშირთან ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც გახდა პროგრესის საფუძველი ევროინტეგრაციის გზაზე. 
 
გზავნილად მივიღეთ, რომ 2030 იქნება თარიღი, როდესაც მოხდება შემდგომი ტალღა გაფართოების. ვაკეთებთ ყველაფერს, ვემზადებით იმისთვის, რომ 2030-ში საქართველო იყოს ერთ-ერთი მომზადებული ქვეყანა წევრობისთვის, რა თქმა უნდა, ამ გზაზე არის ბევრი გამოწვევა, მათ შორის, კანდიდატი ქვეყნებისთვის. ეს ნორმალური პროცესია, ჩვენ ეს გამოწვევები გვაძლიერებს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. 
დღის ამბები