21 მაისი 2024,   06:11
ვრცლად
ივანიშვილმა თქვენგან განსხვავებით სიმართლე თქვა, რომ ამ კანონის მიზანი არის არჩევნების წინ ხალხი დაღალოს - თინა ბოკუჩავა ანრი ოხანაშვილს

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს. ამ წუთებში მომხსენებელი დამაზუსტებელ კითხვებს პასუხობს. სხდომა 21:00 საათზე უნდა დაიხუროს, რის გამოც, დიდი ალბათობით, კენჭისყრა დღეისთვის ვერ მოესწრება.

საპარლამენტო ოპოზიციის პოზიციები უცვლელია. ხელისუფლების ოპონენტები პროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ მიზნებს. მათი თქმით, სულ მცირე ჩანაწერი, რომელიც ორგანიზაციებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელს არქმევს, უნდა შეიცვალოს.

"იქნებ ღიად თქვათ, რომ ეს ეხება მხოლოდ დასავლურ ორგანიზაციებს და რატომ მაინცდამაინც ეს ტერმინი, და ხომ არ არის ეს აგენტის ანალოგი?! - უბრალოდ ამ შემთხვევაში სიტყვა - აგენტი თქვენ ჩაანაცვლეთ უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად, რაც, რა თქმა უნდა, არის დისკრედიტაცია ორგანიზაციების და მოღალატის ანალოგია. დასავლეთს რომ ერჩით მხოლოდ და არა რუსეთს, რასთან გვაქვს საქმე?" - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის მიღების ერთადერთი რეალური მიზანი, ხელისუფლების დაკარგვის შიშია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ამოძრავებს. მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობას მიმართა, რომ ამ კანონპროექტის მიზანი არის არჩევნების წინ ადამიანების დაღლა და საპროტესტო მუხტის ჩახშობა.

"ივანიშვილმა თქვენგან განსხვავებით თქვა სიმართლე ამ კანონის მიზანთან და მოქმედების სფეროსთან დაკავშირებით. მან ღიად თქვა, რომ ამ კანონის მიზანი არის - არჩევნების წინ დაღალოს ხალხი, საპროტესტო მუხტი ჩაახშოს," - მიმართა თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილს.

დღის ამბები