21 მაისი 2024,   14:11
ვრცლად
"არიან თვითმხილველები, როგორ გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი" - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობს" წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არიან თვითმხილველები, რომლებმაც დაინახეს, როგორ გაიტაცა სპეციალური დანიშნულების რაზმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.

"არიან თვითმხილველები, როგორ მოხდა ლევან ხაბეიშვილის გატაცება, როდესაც ცდილობდა ერთ-ერთ ახალგაზრდას მიხმარებოდა, რომელიც დაზიანებული იყო სპეცრაზმელების მოქმედებით, ამ დროს, დაესივნენ სპეცრაზმელები, გაიტაცეს და სამაგალითოდ დასაჯეს. დღეს ვერ ვხედავთ აქ გამომძიებლებს, რომლებიც უნდა აფიქსირებდნენ ამას და გამოძიება უნდა იწყებდნენ დაუყოვნებლივ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ხელისუფლება, მსგავსი ქმედებებით, ვერავის შეაშინებს.

"თუ ვინმეს გონია, რომ ამით ვინმეს შეაშინებენ, ვინმე უკან დაიხევს?! ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორი ხელისუფლება არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას", - განაცხადა გიორგი ბოტკოველი.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა. ხაბეიშვილის თქმით, მას ფიზიკურად სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.

დღის ამბები