21 მაისი 2024,   18:49
ვრცლად
"რაც ხდება, არის ძალიან დიდი შეცდომა, ხელისუფლების დანაშაული" - მამუკა ხაზარაძე

ხელისუფლების ოპონენტები "ქართული ოცნების" მიერ რეზონანსული კანონპროექტის ხელახლა პარლამენტში დაბრუნებას დიდ შეცდომასა და ხელისუფლების დანაშაულს უწოდებენ.

პარტიის "ახალი" თანათავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საპროტესტო მუხტი, რომელიც ამჟამად საზოგადოებაში არსებობს არ შემცირდება და ის საბოლოოდ გამარჯვებით დასრულდება.

"საზოგადოება დგას ფეხზე, ხალხი სახლში არ და ვერ მიდის, ვინაიდან ისინი ორგანულად გრძნობენ საფრთხეს, რომელიც ემუქრება სახელმწიფოს, ივანიშვილის მმართველობაში ყოფნის პირობებში. ის ქართული ენერგია, რომელიც ასე ბობოქრობს და მძვინვარებს, ეს ქართული ენერგია უკავშირდება სახელმწიფოებრივი ინტერესის მომსახურებას, ბუნებრივია, არსად არ გაქრება, ვერც ვერასდროს გაქრა, საუკუნეების განმავლობაში, საბოლოო ჯამში, გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტია "ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველო არასდროს გახდება "რუსეთის ნაწილი და მისი მონა".

"ვფიქრობ, რაც ხდება, არის ძალიან დიდი შეცდომა, ხელისუფლების დანაშაული. შესაბამისად, ეს არ გამოუვა, არ გამოუვა იმიტომ, რომ საქართველო არასდროს არ იქნება რუსეთის ნაწილი და ვიღაცის მონა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ამ კანონის უკან გაწვევა მოუწევს.

"ამათი გულწრფელობა კიდევ რით უნდა შეამოწმოს "ქართულმა ოცნებამ". რამდენიმე ათას ადამიანს არც გაზის ეშინია, არც წყლის ჭავლის და ამბობ, რომ ეს რაღაც დებილური კანონი უკან გაიწვიეთო. რა გახდა ეს კანონი ისეთი, რომ ასეთ მსხვერპლზე მიდიან? დადგება ის სიტუაცია, როცა მოუწევთ ამის გაკეთება. როცა ამდენი ადამიანი ამას უძლებს, ესე იგი არის ათობით და ასობით ადამიანი, რომელიც პასიურია, მაგრამ მხარს უჭერს. არ შეიძლება ამის გაკეთება. საბოლოო ჯამში, კარგი იქნება, თუ ამ ხალხს მოუსმენენ "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები. როცა ამ კანონის მიღება არის დაგეგმილი, აქ იდგება 50-60 ათასი ადამიანი, მგონი, არანაირი შანსი არ ექნებათ, რომ პოლიციამ გაიმარჯვოს, თუ პოლიცია ვერ გაიმარჯვებს, მაშინ "ქართული ოცნებაც" ვერ გაიმარჯვებს. ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს ხვალ, საღამოსკენ, როცა, სავარაუდოდ, კენჭისყრა იქნება დაგეგმილი", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები