22 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
"არავის მივცემთ უფლებას, რამდენიმე ტვინგადაბრუნებულმა ადამიანმა მოინდომოს 4-მილიონიანი ქვეყნის მართვა" - გურამ მაჭარაშვილი

მმართველი გუნდი ოპოზიციას პროვოკაციებში ადანაშაულებს. უმრავლესობა ამტკიცებს, რომ მათ მოწინააღმდეგეებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ დაუშვებენ, ვინმემ ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი "ბოლომდე იქნება მიყვანილი" და მიღებული.

"ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს პროცესები იყოს უწყვეტი, თუმცა ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით, აგრძელებს კონსტრუქციულ რეჟიმში, არგუმენტირებულად ამ კანონპროექტის განხილვას. ეს კანონპროექტის, აუცილებლად, ბოლომდე იქნება მიყვანილი და მიღებული", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რამდენიმე ადამიანს არ მისცემენ იმის უფლებას, რომ 4-მილიონიანი ქვეყანა მართოს.

"ეს არ არის აქცია, რა თქმა უნდა, ამას არ აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომაც ყველა მიიღებს კანონის ზომიერ რეაგირებას, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობამ ხელისუფლებას მისცა ლეგიტიმაცია. არავის მივცემთ უფლებას, რომ რამდენიმე ტვინგადაბრუნებულმა ადამიანმა მოინდომოს 4-მილიონიანი ქვეყნის მართვა", - განახადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები