21 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა რამდენიმე საათში გაგრძელდება

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტში რამდენიმე საათში გაგრძელდება. სესია 12:00 საათისთვის უნდა დაიწყოს. სადავო დოკუმენტის მუხლობრივი განხილვა გუშინ, 21:00 საათზე, რეგლამენტით დადგენილ დროს დასრულდა.

ამ ეტაპზე, 11 პუნქტისგან შემდგარი კანონპროექტის მხოლოდ სამ მუხლზე მსჯელობა დასრულდა.

კანონპროექტის საბოლოოდ მისაღებად, იურიდიულ კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე ის სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ. რეზონანსული კანონპროექტის დამტკიცების სავარაუდო თარიღად 17 მაისი სახელდება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა, საზოგადოებაში არსებული პროტესტის გამო, ეს კანონი არ უნდა მიიღოს.

"გარდა დემაგოგიისა, არცერთ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ ჰქონიათ. როდესაც საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე აპროტესტებს ამ კანონს, როდესაც თბილისში ახალგაზრდების ეს რაოდენობა გამოდის და ეუბნება, ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი, დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, მარტო ამიტომ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას ის პოზიცია, რომ ეს კანონი არ გაიტანოს", - განაცხადა ანი წითლიძემ.

პარტია "გირჩის" წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, ეს კანონის არის დაპირისპირების კანონი.

"საბოლოო ჯამში, ეს კანონიც არის დაპირისპირების კანონი. მუხლობრივი განხილვა, უმეტესწილად, არის "ნაციონალების" ლანძღვა. ეს არის ახალი ბრძოლა ოპოზიციასთან, დასავლელ პარტნიორებთან, ამ კანონის განხილვაც ამას აჩვენებს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები