15 მაისი 2024,   23:25
ვრცლად
დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის - რა ხდებოდა ღამით აქციაზე

დაპირისპირება სამართალდამცვლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად გრძელდებოდა. აქციის მონაწილეებმა ჯერ პარლამენტისთვის წრის დარტყმა სცადეს, შენმდეგ, საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკან, რკინის ჯებირები მოარღვიეს. ინტენსიური შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს კვერცხები, სამართალდამცველებს კი მყარი საგნები ესროლეს. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და პოლიციასთან დაპირისპირების არაერთი მცდელობა. სპეცრაზმმა წყლის ჭავლი, რეზინის ხელკეტები და წიწაკის სპრეი გამოიყენა. დაზიანებები მიიღო ათეულობით ადამიანმა. დაშავდა 6 სამართალდამცველიც. დემონსტრენტებმა ქვეყნის მთავარი გამზირი გამთენიისას დატოვეს.

გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი საღამოს 7 საათიდან დაიკავეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდნენ. პირველი ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკა გვარამიამ, პარტიის წევრებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელის ბლოკირება სცადა. სამართალდამცველებმა პარტია "ახლის" წევრებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მათი ნაწილი კი განარიდეს.

პარალელურად, პოზიციები დაიკავა სპეცდანიშნულების რაზმმაც, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალურ და საპატრულო პოლიციასთან ერთად განლაგდა. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა.

საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება სამართალდამცველებმა 21:45 საათზე, მას შემდეგ დაიწყეს, რაც აქციის მონაწილეებმა საკანონმდებრო ორგანოსთვის წრის დარტყმა სცადეს. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მიმართულებით ქვები და ბოთლები ისროლეს.

აქტიური მოქმედებების დაწყებამდე, იყო რამდენიმე გაფრთხილება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდება წესრიგის დაცვის შესახებ. პირველი შეხების წერტილი პარლამენტის უკანა ტერიტორია იყო. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დემონსტრანტებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ მიმართ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ვითარება ადგილზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც დემონსტრანტებმა პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე განლაგებული რკინის ჯებირები მოარღვიეს. სპეცდანიშნულების რაზმმა ტერიტორიიდან აქციის რამდენიმე მონაწილე გაიყვანა. არიან დაკავებულები.

დაშავდა და წიწაკის სპრეისგან დაზიანებები მიიღო ათობით ადამიანმა. ნაწილი კლინიკაში გადაიყვანეს, ნაწილს კი პირველადი დახმარება, ადგილზე, სასწრაფო სამედიცინო ჯგუფებმა გაუწიეს.

შეტაკებების შედეგად, დაშავდა 6 სამართალდამცველიც. ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს.

23:19 საათზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ინტენსიური შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს კვერცხები, სამართალდამცველებს კი მყარი საგნები ესროლეს. დაუშინეს ქვები და ბოთლები. სპეცდანიშნულების რაზმმა, აქციის მონაწილეთა დასაშლელად, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა.

აქციის მონაწილეებმა, საპოლიციო ღონისძიებების შეფერხების მიზნით, ჩიტაძის ქუჩაზე რკინის ჯებირები სპეცდანიშნულების რაზმის წინ აღმართეს. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და პოლიციასთან დაპირისპირების არაერთი ეპიზოდი. ფაქტებს მალევე მოყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ პროტესტი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს გასცდა და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

ვითარება ადგილზე პერიოდულად იძაბებოდა, რასაც, თავისუფლების მოედნიდან, რამდენიმე რიგად განლაგებული სპეცდანიშნულების რაზმის დამატებითი ჯგუფების მობილიზება მოჰყვა. ტერიტორიაზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც, რომელიც რამდენიმე წუთში მოქმედებაზე გადავიდა.

ხელოვნური ბარიკადების გარდა, დემონსტრამტებმა საპოლიციო ღონისძიებების შეჩერება თავად სცადეს და სპეცდანიშნულების რაზმის წინ, რუსთაველის გამზირზე დასხდნენ. რამდენიმე აქტივისტი, დაუმორჩილებლობის გამო, ადგილზე დააკავეს.

დემონსტრანტებთან ერთად იდგა გასული წლის მარტის მოვლენების დროს დაკავებული, ოჯახურ ძალადობასა და პოლიციელზე თავდასხმისთვის გასამართლებული ლაზარე გრიგორიადისიც, რომელიც სამართალდამცველებს მიმართავდა.

სამართალდამცველებთან დაპირისპირებისა და ცრემლსადენი აირის გამოყენების შედეგად, მცირე დაზიანებები მიიღო ალეკო ელისაშვილმა. "მოქალაქეების" ლიდერი აქციაზე შუაღამისას გამოჩნდა. ის სპეცდანიშნულების რაზმმა, მალევე, ტერიტორიას განარიდა.

სპეცდანიშნულების რაზმთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაშავდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. მასთან ერთად, ინგოროყვას კლინიკაშია პარტიის კიდევ ერთი წევრი - სოფო ჯაფარიძე, რომელიც მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები გვიან ღამით, კლინიკაში სახალხო დამცველმა მოინახულა.

აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირები, სხვადასხვა კონსტრუქცია და ნაგვის ურნები განათავსეს რუსთაველის გამზირზე, რასაც სამართალდამცველების რეაგირება და მათი რამდენიმე ეტაპად დაშლა მოჰყვა. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები – მათ შორის ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. პოლიციის მისამართით ქვებსა და მყარ საგნებს ისროდნენ დემონსტრანტები. დააზიანეს ქუჩის ინფრასტრუქტურაც.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების დაშლა რამდენიმე ეტაპად მოხდა. სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლის მანქანა და ცრემლსადენი გაზი სხვადასხვა ინტენსივობით გამოიყენა. პარალელურად, აქციის მონაწილეთა ნაწილი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდა, სადაც გზის სავალი ნაწილი ავტომობილებითა და ავტობუსებით ჩახერგეს. მძღოლებთან დაპირისპირების შედეგად, აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი მანქანა დააზიანეს.

პოლიციასთან შეტაკებები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემონსტრანტებმა ქვეყნის მთავარი გამზირი გამთენიისას დატოვეს და დილის 5 საათისთვის დაიშალნენ. ცოტა ხნით ადრე კი, სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირიდან დისლოკაციის ადგილზე, საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან გადაინაცვლა. ამის შემდეგ მომიტინეებმა ჭიჭინაძის ქუჩასა და რუსთაველის გამზირის კვეთაზე ბარიკადები აღმართეს და ტერიტორია რკინის ჯებირებით, ნაგვის ურნებითა და სკამებით შემოსაზღვრეს. მალევე, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ტერიტორია დატოვეს.

დღის ამბები