21 მაისი 2024,   18:59
ვრცლად
ყოველთვის ძალიან სამწუხაროა დაზიანებული ადამიანის ხილვა - ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს, მაგრამ, ისიც სათქმელია, რომ დღეს ძალადობას აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ახალისებდნენ ძალადობას - იონათამიშვილი

პარლამენტში სხდომა სიტყვიერი შეკამათების ფონზე მიმდინარეობს - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, არ წაახალისონ ძალადობა.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან ნებისმიერ გადაცდომაზე, ასევე ნებისმიერ პროვოკაციაზეც, რეაგირება იქნება.

"რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ყოველთვის ნებისმიერი დაზარალებული, დაზიანებული ადამიანის ხილვა - ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს. მაგრამ, ისიც სათქმელია, რომ დღეს ძალადობას აპროტესტებენ და საუბრობენ ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ახალისებდნენ ძალადობას და ეს არის სიმართლე.

ისიც აღსანიშნავია, რომ, დღეების განმავლობაში, სამართალდამცავების მიმართ ის უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფა, რაც ხდებოდა, ქვებისა და ბოთლების სროლა, ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია, რომლის პასუხისმგებლობასაც ორგანიზატორები ვერ და არ უნდა გაექცნენ.

ასევე ისიც სათქმელია, რომ, ჩემი ინფორმაციით, 11 ადამიანი დაშავდა გუშინ, აქედან არის 6 სამართალდამცავი. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო, მაგრამ სწორედ ის არის, რომ ნებისმიერ გადაცდომაზეც იქნება რეაგირება და ნებისმიერ პროვოკაციაზეც იქნება შესაბამისი რეაგირება და თქვენ, ნუ ახალისებთ ძალადობას, ნუ ეთამაშებით ჩვენი ქვეყნის ბედს, ძალიან მძიმედ დაგიმთავრდებათ. არ გაპატიებთ ჩვენი საზოგადოება ამ ქვეყნის ბედზე თამაშს და ნუ ეთამაშებით. ნუ იქნებით არშემდგარი კიტოვანები, როგორც კიტოვანები ვერ შედგებით, მაგრამ არშემდგარი კოლექტიური კიტოვანები ნუ გახდებით, ჩემი რჩევაა ეს. ისტორიაში კიტოვანის სახელით ნუ შეხვალთ,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები