17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
ეს იყო და დარჩა მშვიდობიან აქციად, მაგრამ იყო გამოხატვის სხვადასხვა ფორმა - გრიგოლ გეგელია

"ეს იყო და დარჩა მშვიდობიან აქციად. იქ იყო გამოხატვის სხვადასხვა ფორმა, სხვადასხვა მონაწილეს აქვს სხვადასხვა პერსპექტივა, თუ როგორ გამოხატოს საკუთარი პროტესტი, მაგრამ, არსებითად, აქცია იყო მშვიდობიანი და დარჩა მშვიდობიან ფარგლებში,"- ეს განცხადება "ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, ცრემლსადენი აირის გაშვების საჭიროება არ არსებობდა.

"ეს იყო და დარჩა მშვიდობიან აქციად. იქ იყო გამოხატვის სხვადასხვა ფორმა, სხვადასხვა მონაწილეს აქვს სხვადასხვა პერსპექტივა, თუ როგორ გამოხატოს საკუთარი პროტესტი, მაგრამ, არსებითად, აქცია იყო მშვიდობიანი და დარჩა მშვიდობიან ფარგლებში. მე ინციდენტებს ვერ შევაფასებ, არ შევსწრებივარ პირადად. მე ვიცი ის, რომ პირველი ფაზა, როდესაც ხელისუფლებამ გაზი გაუშვა, მოხდა მაშინ, როდესაც აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანად,"- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.

დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები