17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის ოპოზიციური ლიდერები, რომელთაც ერთი სული აქვთ, ქვეყანაში არეულობა მოხდეს - რატი იონათამიშვილი

"საზოგადოება ხედავდა პოლიტიკური უმცირესობის უხეშ ვანდალიზმსა და ძალადობრივ აქციას, რომელსაც კარგად ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა და ფაქტია, რომ ეს ვანდალიზმი ერთ და ორ დღეში არ დაიგეგმა,"- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ეს "ფრანკლინის კლუბისა" და "გირჩის" ტრენინგების შედეგია.

"საზოგადოება ხედავდა პოლიტიკური უმცირესობის უხეშ ვანდალიზმსა და ძალადობრივ აქციას, რომელსაც კარგად ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა და ფაქტია, რომ ეს ვანდალიზმი ერთ და ორ დღეში არ დაიგეგმა. როგორც ჩანს, ეს შედეგია იმ ტრენინგებისა, რაზეც "ფრანკლინის კლუბი", "გირჩი" და სხვა მსგავსი რადიკალური ოპოზიციის, "ნაცების" წარმომადგენლები მუშაობდნენ.

ეს არ გვიკვირს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" სამარკო ნიშანია რადიკალიზაცია და ძალადობა. აქ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის ნაწილი და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის ოპოზიციური ლიდერები, ვისაც ერთი სული აქვთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს არეულობა.

რაც შეეხება გაურკვეველი წარმოშობის ნივთებს - კერძოდ, მხუთავ აირებს, რომლებიც არ იყიდება საქართველოში, ძალიან საინტერესოა, როგორ მოხდა ამ რადიკალური ჯგუფების აღჭურვა და რა მიზანს ემსახურებოდა. ეს დეტალები საზოგადოებისთვის არის საინტერესო და, დარწმუნებული ვარ, მასზე ინფორმაცია გვექნება,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.

დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები