17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ათობით ადამიანი დაშავდა - გასულ ღამის მოვლენები

დამწვარი ნაგვის ყუთები, ჩამსხვრეული მინები, დაზიანებული სამეთვალყურეო კამერები და დაშავებულები - ეს თბილისის მთავარ გამზირზე განვითარებული ერთი ღამის მოვლენების შედეგია.

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა შეკრება რუსთაველის გამზირზე საღამოს 5 საათიდან დაიწყეს. საპარლამენტო განხილვისა და კენჭისყრის პროცედურის პარალელურად, დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოს წრე შემოარტყეს. აქციის მონაწილეები შენობის ოთხივე მხარეს განლაგდნენ.

პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელის ტერიტორია სრულად დაიკავა და აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა. ასე გახდა შესაძლებელი, რომ საკანონმდებლო ორგანო დეპუტატებს შეუფერხებლად დაეტოვებინათ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობა დაიცალა, მოვლენათა ეპიცენტრი აქციის მონაწილეებისთვის მაინც შესასვლელი კარები იყო. ვითარება, თავდაპირველად, 23:00 საათისთვის, მას შემდეგ დაიძაბა, რაც შეკრებილების ნაწილი პარლამენტის მთავარ ჭიშკარს მიუახლოვდა და მისი დაზიანება სცადა. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში მყოფმა სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ამ ეპიზოდის შემდეგ, პოლიციამ პარლამენტის ჭიშკარი გაამაგრა და დამატებითი ბოქლომებიც დაადო. რამდენიმე წუთში, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ისევ მივიდნენ. მიიტანეს ნაგვის ყუთები, დაანთეს ცეცხლი და ააგეს ბარიკადებიც. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ისროდნენ ქვებს, ჯოხებსა და ბოთლებს. პარლამენტის ეზოში განლაგებული სამართალდამცველები მათ წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით უპირისპირდებოდნენ. ასხამდნენ სპეციალურ ქაფსაც.

საკანონმდებლო ორგანოს ეზოში გადასვლა მოახერხა ერთმა დემონსტრანტმა. ის პოლიციამ დააკავა. აქციის მიმდინარეობის დროს იყო დემონსტრანტებს შორის რამდენიმე დაპირისპირებაც.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ, აქციის დასაშლელად, სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს. დემონსტრანტების ეს მტკიცება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო. სპეციალურ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოუწოდა აქციის ყველა მონაწილეს, შეეწყვიტა ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

დემონსტრანტების ნაწილმა, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები სანაპიროზე მსვლელობით მივიდნენ. მათ, სკუტერებითა და ნაგვის ყუთებით, სავალი გზა გადაკეტეს.

აქციის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე მყოფ დემონსტრანტებს მიმართა პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა და მათ ძალადობრივი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

აქციის მონაწილეებისგან მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა შეურაცხმყოფელი ფრაზები. შესაბამისი სიტყვები, საღებავით, ჭიშკარსა და კედელზეც დაწერეს.

გასულ ღამით, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ათობით ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული 15 მოქალაქის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ - სხეულზე ჭრილობებთან ერთად, აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. დაშავებულთა შორის არის "რუსთავი 2-ის" ოპერატორიც. ლევან მელიქიძემ ხელი დაიზიანა - მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დაშავებულებს შორის არიან პოლიციელებიც.

აქცია გამთენიისას დასრულდა. პროტესტი 9 საათზე მეტხანს, ხმაურითა და დაპირისპირებებით მიმდინარეობდა.

დღის ამბები