17 მაისი 2024,   06:37
ვრცლად
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე, პირველ მაისს განვითარებული მოვლენების მოკვლევა უკვე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ საიდან და როგორ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე.

კითხვაზე - აქციის დროს იყო თუ არა სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული რეზინის ტყვიები, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მსგავსი ფაქტი რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა.

"ტყუილია. მატყუარა ტელევიზია ხართ. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადება გაკეთდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა, თუმცა თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, შესაბამისი განცხადებაც გაკეთდებოდა. რაც შეეხება აქციაზე მოქალაქეთა დაშავების ფაქტებს, შსს-მ უკვე დაიწყო მოკვლევა. აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომლებიც საქართველოში არ იყიდება. დასადგენია, საიდანაა ისინი შემოტანილი. ყველაფერი ცხადი გახდება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ისიც გაირკვევა, ეს ადამიანები საიდან და როგორ დაშავდნენ,"-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.

დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.

დღის ამბები