17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ახლა არავინ იღებს პასუხისმგებლობას აქციებზე, ახალგაზრდები დარბიან და ხან რას ამტვრევენ, ხან - რას. საბოლოოდ, ეს პასუხისმგებლობას მოიტანს და აღმოჩნდება, რომ ახალგაზრდებს ვიღაც მარტო ტოვებს მართლმსაჯულების წინააღმდეგ - ხვიჩია

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საჭიროა, ოპოზიციამ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ გაგრძელდეს აქციები. მისივე თქმით, ახლა აქციები ამ პასუხისმგებლობის გარეშე ტარდება და შეიძლება ახალგაზრდების ის ნაწილი, რომლებიც პროტესტის უხეშად გამოხატვის ფორმებს მიმართავს, მარტო დარჩა მართლმსაჯულების პირისპირ.

"გასაგებია, რომ გუშინდელი აქციის ყველა ნაწილი მე არ მომწონდა და, მათ შორის, კარებთან უაზრო ჯაჯგური, მაგრამ ოპოზიციას, მგონი, ევალება მოიპოვოს რეპუტაცია, რომ მას უსმენდნენ ახალგაზრდები. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, გავხსნათ დისკუსიები, გავხსნათ მედია, მინიმუმ, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს აქციები.

ახლა არავინ იღებს პასუხისმგებლობას აქციებზე, ახალგაზრდები დარბიან და ხან რას ამტვრევენ, ხან - რას. საბოლოო ჯამში, ეს პასუხისმგებლობას მოიტანს და როცა არავინ იქნება პასუხისმგებელი, აღმოჩნდება, რომ ახალგაზრდებს ვიღაც მარტო ტოვებს პირისპირ, მართლმსაჯულების წინააღმდეგ,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.

დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.

დღის ამბები