17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
თუ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ასეთი "მშვიდობა" ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება - არჩილ თალაკვაძე

"ეს იყო პირდაპირი შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე, საქართველოს პარლამენტზე. იყო ფიზიკური ძალადობის მაგალითები - დაშავებული არიან, მათ შორის, პოლიციელები. ეს და სხვა მრავალი ფაქტი მიუთითებს, რომ გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გადაიზარდა ძალადობაში,"- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ 1-ელ მაისს გამართული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონსტრანტები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ.

მისივე თქმით, ეს არის მაგალითი იმისა, რომ პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის განხორციელება დაიწყო.

"მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ჩვენ გამოვთქვით ვარაუდი, რომ გუშინ და შემდეგ დღეებში იქნებოდა პირდაპირი მცდელობები, რომ ეს პროტესტი გადაიზარდოს ძალადობაში და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის განხორციელება დაიწყოს, რაც გუშინ ნახა ჩვენმა საზოგადოებამ. ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტი. თუ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, ასეთი "მშვიდობა" ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება.

ეს იყო პირდაპირი შეტევა საკანონმდებლო ორგანოზე, საქართველოს პარლამენტზე. იყო ფიზიკური ძალადობის მაგალითებიო - დაშავებული არიან, მათ შორის, პოლიციელები. ეს და სხვა მრავალი ფაქტი მიუთითებს, რომ გუშინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გადაიზარდა ძალადობაში,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.

დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები