19 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
6 დაღუპული, 30 დაჭრილი - რუსული ბელგოროდი დღესაც უკრაინულმა დრონებმა გააღვიძა

6 დაღუპული, 30 დაჭრილი - რუსული ბელგოროდი დღესაც უკრაინულმა დრონებმა გააღვიძა. საზღვართან მდებარე ქალაქზე უკრაინულმა არმიამ შეტევა რამდენიმე კამიკაძე დრონით განახორციელა. შედეგად, აფეთქდა რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავტომობილო კომპანია. კიევი შეტევების განხორციელებას ცდილობს ხარკოვის მიმართულებაზეც, თუმცა აქ, საოკუპაციო ძალების კონტრშეტევების ფონზე, ეს უკრაინელებისთვის რთული ამოცანა აღმოჩნდა.

ერთ კვირაზე მეტია, რუსული არმია ქალაქ ხარკოვსა და მის ოლქში შემავალ ქალაქებს ყოველდღიურად ბომბავს - მხოლოდ ბოლო 24 საათში, ოკუპანტებმა იერიში 15-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები, რამდენიმე მოქალაქე კი კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს.

რუსეთის სამხედრო ძალებმა, უპილოტო საფრენი აპარატებით, იერიში სუმის ოლქზე ღამით მიიტანეს. თავდასხმის შედეგად, დაშავდნენ ადგილობრივები. შეტევის სამიზნე ენერგოობიექტები იყო. სუმის ოლქის ნაწილს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა.

ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ხარკოვის ოლქის ზოგიერთი რაიონიც. დაიბომბა ხარკოვის 15 დასახლება. იერიშების შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 15 ადამიანი. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ, ბოლო თვეებში, რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა.

ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს დნეპროპეტროვსკის ოლქს - არიან დაშავებულები. იერიში დასახლებულ წერტილებზე განხორციელდა. შედეგად, 20-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი - ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი.

მსხვერპლი მოჰყვა რუსეთში ბელგოროდის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმას. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 6 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი. რუსეთი, არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით, წვრთნებს ჩაატარებს. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო შენაერთებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ჩართულობით ჩატარდება.

დღის ამბები