19 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
დღეს საქართველო 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ გმირებს იხსენებს - 169 სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირა

დღეს, საქართველო 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ გმირებს იხსენებს - 169 სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც 5-დღიან ომში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირა.

მარო ზოიძეს აგვისტოს ომის გახსენება დღესაც უმძიმს, თუმცა შვილის გმირობის ისტორიაზე ამაყად საუბრობს. ჰყვება, რომ დაჭრილი რომან ზოიძე ცხელ წერტილში თანამებრძოლების დასახმარებლად მიბრუნდა, სადაც მტრის ალყაში მოექცა და ტყვედ ჩაბარებას, გმირულად სიკვდილი ამჯობინა.

თანამებრძოლები გადაარჩინა და სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა ზაურ თენიეშვილიც. 21 წლის გმირი ჯარისკაცის დედა, ყოველ წელს, საფლავთან კურთხევის დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიდის. დღეს, ალექსანდრე თანდაშვილისა და ლევან მიდელაშვილის გმირობის ისტორიებიც გაიხსენეს.

უფროსი სერჟანტის გმირობის ისტორია გაიხსენეს დღეს ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სერჟანტებმა. ის მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონში, სნაიპერის ჯგუფის მეთაური იყო, ჩვენი დროის გმირი სწორედ სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები, დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა. ირაკლი ჩიქოვანმა გმირი ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკო.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი ოჯახის წევრებთან, თანამებრძოლებთან ერთად, დღეს, რიგითმა მოქალაქეებმაც მიაგეს.

დღის ამბები