19 მაისი 2024,   20:05
ვრცლად
სვანეთში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია - მაშველებმა, მდინარე ნაკრას ხეობაში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს

სვანეთში სამაშველო ოპერაცია დასრულებულია, დღეს მაშველებმა მდინარე ნაკრას ხეობაში  ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს.

ნაკრას ხეობაში დაღუპული 18 წლის ბიჭის პოვნის შესახებ, ადგილობრივებმა დღის მეორე ნახევარში შეიტყვეს. ოჯახის წევრებმა, რომლებიც სამძებრო ოპერაციაში პირველივე დღიდან მონაწილეობდნენ, ცხედარი ამოიცნეს. საბა გვარმიანი მდინარე ენგურის შესართავთან ნახეს.

18 წლის გვარმიანი 2 არასრულწლოვანთან ერთად იმ ავტომობილში იჯდა, რომელიც 2 მაისს მდინარე ნაკრაში გადავარდა. მაშველები და ადგილობრივები მას 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ტრაგედიის დღიდან დღემდე, უწყვეტად ეძებდნენ მაშველები 14 წლის გიორგი ვიბლიანსაც. მისი ცხედარი დღეს გამთენიისას, მდინარე ნაკრაში, პატარა ჰესის მიმდებარედ ნახეს.

გიორგი ვიბლიანის და საბა გვარმაინის ცხედრები, მაშველებმა ავარიის ადგილიდან მოშორებით იპოვეს. სწრაფმა დინებამ მათი ცხედრები რამდენიმე კილომეტრის მოშორებით წაიღო.

ტრაგედიის დროს, ავტომობილში სკოლის მოსწავლე გოგოც იმყოფებოდა. ეკა ვიბლიანის ცხედარი, 2 დღის წინ ნაკრას ხეობაში, შემთხვევის ადგილთან ახლოს ნახეს. გოგონა ბიძამ ამოიცნო. საძიებო სამუშაოების პარალელურად, მაშველები სამძებრო არეალში დაღუპულების ნივთებს პოულობდნენ.

ტრაგედია სოფელ ნაკრაში 2 მაისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვიბლიანი, საბა გვარმიანი და ეკა ვიბლიანი, ჭუბერიდან შინ ბრუნდებოდნენ. წვიმის გამო ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე მოცურდა და ხევში გადავარდა. მანქანა მაშველებმა მალევე იპოვეს.

ტრაგედიის მიზეზებს სამართალდამცველები დაადგენენ. სოფელ ნაკრას გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

დღის ამბები