19 მაისი 2024,   20:06
ვრცლად
შვედი მინისტრის ვიზიტი საქართველოში - რა ინციდენტი მოხდა იოჰან ფორსელისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის შემდეგ 

თბილისში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იმყოფება, რომლის შეხვედრების მთავარი თემაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონს უკავშირდება. არასამთავრობო სექტორი, ოპოზიცია, პრეზიდენტი და პრემიერი - ყველგან საუბარი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპს ეხება. იოჰან ფორსელმა თქვა, რომ შვედეთს სურს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, თუმცა, მისი განმარტებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ პროექტი შემაშფოთებელია.

შვედეთის ეს პოზიცია გაუგებარია სახელისუფლებო გუნდისთვის. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უცნაურია, როდესაც ერთი ქვეყნის მთავრობის წევრი მეორე ქვეყანას კარნახობს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე ქვეყნის პრეზიდენტსაც ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა იოჰან ფორსელი ათონელის რეზიდენციაში მიიღო.

დღის ბოლოს კი მინისტრი შვედეთიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტიც. ირაკლი კობახიძემ სტუმარს კანონპროექტის მიზნები გააცნო. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მთავრობის მეთაურმა შვედეთის მინისტრს უთხრა, რომ პროექტი ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენას, რაც საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. შეხვედრისას ყურადღება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსაც დაეთმო. პრემიერ-მინისტრმა ხაზი ამ გზაზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევასა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა.

იოჰან ფორსელის და არასამთავრობო სექტორის შეხვედრა დღეს შვედეთის საელჩოში მიმდინარეობდა, სწორედ საელჩოსთან მოხდა ინციდენტი, რომელსაც სახალხო დამცველმა უკვე უწოდა კრიტიკული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა. ფიზიკური დაპირისპირება IDFI-ის დირექტორსა და უცნობ მამაკაცს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. გიორგი კლდიაშვილს, რომელიც არასამთავრობო სექტორთან ერთად შვედეთის საელჩოში შეხვედრას მართავდა, სიტყვიერად მოქალაქე მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს დაუპირისპირდა. სიტყვიერი შელაპარაკება კი მალევე, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. შემთხვევის ადგილზე კლდიაშვილმა დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, სოციალურ ქსელში კი დაწერა, რომ ადგილი ჰქონდა მის წინააღმდეგ პროვოკაციას.

გიორგი კლდიაშვილთან დაპირისპირების შემდეგ, ჩხუბი მოქალაქესა და ტელეკომპანია "ფორმულას" გადამღებ ჯგუფ შორის გაგრძელდა.

შვედეთის საელჩოსთან განვითარებულ მოვლენებს, მალევე სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ომბუდსმენის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდა.  შეფასება გაკეთდა "ქართულ ოცნებაშიც."საქმე ცოტა ხნის წინ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.



 

 

 

დღის ამბები