10 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
20 ივნისის საქმე და სტრასბურგში წაგებული დავა - 26 განმცხადებელი სარჩელით ამტკიცებდა, რომ მათი დაზიანებები ძალის გადამეტებული გამოყენების შედეგი იყო

2019 წლის 20 ივნისის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მთავრობას მათთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საჩივრები აქციის დაშლისას, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების არ ჩატარებას ეხებოდა. დაზარალებულები ერთდროულად ევროპული კონვენციის 5 მუხლის დარღვევაზე დავობდნენ, თუმცა სასამართლომ მხოლოდ მესამე მუხლის პროცედურული დარღვევა დაადგინა - ეფექტიანი გამოძიების ნაწილში. აპლიკანტები გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, ასევე, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებების დარღვევაზეც მიუთითებდნენ, თუმცა ამ მუხლებზე გადაწყვეტილების მიღებისგან სასამართლომ თავი შეიკავა.

26 განმცხადებელი სარჩელით ამტკიცებდა, რომ მათი დაზიანებები ძალის გადამეტებული გამოყენების შედეგი იყო და რომ გამოძიება ამ საკითხზე არ იყო ეფექტიანი. მოქალაქეების ინტერესებს ევროსასამართლოში "საია" პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად იცავდა.

ნათია მეზვრიშვილი, რომელიც 20 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მოადგილე იყო, სტრასბურგის გადაწყვეტილებას დღეს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. თქვა, რომ მაშინდელი მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული იყო ლეგიტიმური ძალა, თუმცა ადგილი ჰქონდა ინდივიდუალურ გადაცდომებს, რაზეც მისივე თქმით, სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაშინდელ შსს მინისტრს ვერ დაეკისრება. მეზვრიშვილის თქმით, გიორგი გახარიას მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე აღებული აქვს, თუმცა ძალოვანი უწყებიდან გახარიამ მაშინ მალევე პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა.

გახარიას 20 ივნისის შემდეგ არც გამოძიება დაუწყია და პოლიციის მხრიდან ცალკეულ გადაცდომებზეც პასუხისმგებელი სწორედ ის არის - მიაჩნიათ მმართველ პარტიაში, სადაც ამბობენ, რომ ევროსასამართლომ დაადასტურა ის, რასაც სახელისუფლებო გუნდი აქამდეც ამტკიცებდა.

ევროსასამართლოს პასუხი მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის, სადაც ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე არა მხოლოდ ერთ მინისტრს, არამედ ხელისუფლების მაშინდელ პირველ პირებსაც ეკისრებათ.

"ქართულ ოცნებაში" ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ევროსასამართლოს წამების და არაადამიანური მოპყრობის მუხლის არსებითი დარღვევა არ დაუდგენია. პროცედურულ ნაწილში კი საქმის კომპლექსურობასა და გამოძიების გამჭვირვალობაზე გაამახვილა ყურადღება.

სტრასბურგის სასამართლოს "საიამ" მოქალაქეების სახელით, 2021 წელს მიმართა. ევროსასამართლომ გადაწყვეტილება 3 წლის შემდეგ გამოაცხადა.

 

დღის ამბები