20 მაისი 2024,   00:18
ვრცლად
ფარული ჩანაწერების ტექნიკა არის "ნაციონალური მოძრაობიდან" მოყოლებული მავნე პრაქტიკა, რაც ჩემთვის ბოლო ჟამს აჩვენებს - თეონა აქუბარდია

საინფორმაციო სააგენტო for.ge-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება ოპოზიციურ პარტიებში. ისინი აცხადებენ, რომ გავრცელებულ მასალის წარმომავლობა გაურკვეველია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ნებისმიერ აუდიო ჩანაწერს სჭირდება დადასტურება, რომ ის ავთენტურია, თუმცა ეს არ მომხდარა.

"ნებისმიერ ფარულ ჩანაწერს სჭირდება დადასტურება, რომ ავთენტურია და ეს არ მომხდარა. მე მჯერა ღმერთის, სხვა დანარჩენი არის ფაბრიკაცია ან ავთენტური, მაგრამ ეს დამტკიცებული არ არის. არ ვიცი, რა იყო იქ ისეთი, რაც "ქართულ ოცნებას" რაღაცას ახეირებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბოლო ჟამია "ქართული ოცნების". ფარული ჩანაწერების ტექნიკა არის "ნაციონალური მოძრაობიდან" მოყოლებული მავნე პრაქტიკა, რაც ჩემთვის კიდევ ერთხელ, ბოლო ჟამს აჩვენებს," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ სუსი ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების "გაშავებით“ არის დაკავებული.

"აბსოლუტურად გაურკვეველია ამ აუდიო ჩანაწერების წარმომავლობა. ფაქტი ერთია, რომ სუსი ყველანაირად ცდილობს, რომ უკანონოდ უსმინოს, სცადონ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების გაშავება, ასევე სამოქალაქო აქტივისტების, ისევე როგორც მომიტინგეების. სუსი უნდა იყოს დაკავებული არა მსგავსი ტიპის ფაბრიკაციებით, არამედ რუსეთის აგენტების გამოვლენით," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

ერთ-ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ოპოზიციის ლიდერების - აკაკი მინაშვილისა და ნიკა ფარულავას საუბარი ისმის, რომელიც საფეხბურთო ნაკრების წევრებს და ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

დღის ამბები