19 მაისი 2024,   23:57
ვრცლად
"თუ სიმშვიდე უნდათ, გაიწვიონ "რუსული კანონი," ამ ქვეყანაში არავის არეულობა არ უნდა" - ბაჩო დოლიძე სუს-ის განცხადებაზე

სუს-ის განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციური სპექტრი აცხადებს, რომ უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია - მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და დემონსტრანტები სადავო კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ, მშვიდობიანად გააპროტესტებენ.

"ეს არის სრული ცინიზმი. ჩვენ, იქ მყოფი ადამიანები ყველანი ერთად, პარტიული კუთვნილების გარეშე "რუსულ კანონს" მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით. ეს აქციები სწორედ ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ევროპაში. ჩვენ ვართ ცივილიზებული ხალხი, რომლებიც ვიბრძოლებთ დემოკრატიული, არაძალადობრივი მეთოდებით, რომელიც მოგვიტანს შედეგს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

პარტია "ახალის" წევრის, ბაჩო დოლიძის შეფასებით კი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"თუ სიმშვიდე უნდათ, გაიწვიონ "რუსული კანონი." ამ ქვეყანაში არავის არეულობა არ უნდა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც რამდენიმე თვეშია ისედაც არჩევნები," - ამბობს ბაჩო დოლიძე.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ აფრთხილებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფები უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, აქციებზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ, რომლის მიზანიც, დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებაა. სუსი აცხადებს, რომ პროცესები პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ იმართება. გეგმებში კი ჩართულები არიან ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები. მათ შორის დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, განიხილება პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სპეცრაზმზე იერიშის გეგმები. "აქციების ორგანიზატორები კი იყენებენ "კანვასისა" და "აკერმანის" სწავლების მეთოდებს. "დაინტერესებული მხარისგან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები