19 მაისი 2024,   23:35
ვრცლად
არ მივცემთ არავის უფლებას, ქართული სახელმწიფოს შელახვის ან რევოლუციური სცენარის განვითარების, ამ ქვეყანას რევოლუცია არ სჭირდება - ირაკლი ზარქუა

საინფორმაციო სააგენტო for.ge-ს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ისინი პროტესტის გამწვავებისა და რევოლუციის მოწყობის მცდელობაზე საუბრობენ. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ოპოზიციის მიზანია, რადიკალიზმი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.

"ცდილობენ, რომ რამენაირად უფრო მწვავე გახადონ და ამას არ მოერიდებიან. ხომ ითხოვდა სააკაშვილის მსხვერპლს? ხომ მოვისმინეთ? 1-2 თუ არ შეეწირა რევოლუციას, ისე როგორ გინდაო? ზუსტად იგივე ჩანაწერი ხომ გავრცელდა, რომ დღეს მათი ინტერესის სფეროა, რომ რამენაირად რადიკალიზმი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. ეს გავიარეთ და ვნახეთ. "კმარა" ერქვა ერთი პერიოდი, ყველაფერზე მიდიოდნენ. იგივე სცენარია, ოღონდ ახლა განსხვავებული აქტორებით. ის მთავარი მოძალადე ციხეშია, მაგრამ პატარა მოძალადეები ხომ ჰყავს კიდევ? მისი გზის ღირსეული გამგრძელებლები, გვარამიები, რუსული ფულით დაფინანსებული ხოშტარიები, ჯაფარიძეები და ა.შ. უამრავი. სამართალდამცველები მოწოდების სიმაღლე არიან. ყველა სპეცსამსახურები. არ მივცემთ არავის უფლებას, ქართული სახელმწიფოს შელახვის ან რევოლუციური სცენარის განვითარების. ამ ქვეყანას რევოლუცია არ სჭირდება," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ for.ge-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, აქტივისტების - ნატა ფერაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის საუბარი ისმის, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

იქამდე, გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.

ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან პაველ ჰერჩინსკის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება.

ამასთან, გავრცელდა ფარული ჩანაწერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მონაწილეობითაც. 

ფარულ ჩანაწერებზე წერს სოციალურ ქსელში ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც ამბობს, რომ ჩანაწერი ორი წლის წინ საჯარო შეხვედრის დროს არის გაკეთებული. ჩანაწერებს "ფეისბუქში" გამოეხმაურნენ სამოქალაქო აქტივისტები ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილიც.

დღის ამბები