20 მაისი 2024,   16:18
ვრცლად
ტექნიკური მთავრობა იქნებოდა ყველაზე საუკეთესო სცენარი არჩევნებამდე, მაგრამ დღეს ეს ფუფუნება არ გვაქვს - თეონა აქუბარდია

"ტექნიკური მთავრობა იქნებოდა ყველაზე საუკეთესო სცენარი არჩევნებამდე, მაგრამ დღეს ეს ფუფუნება არ გვაქვს,"- ასე ეხმაურება "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იდეას დროებით მთავრობასთან დაკავშირებით.

მისივე აზრით, კონცენტრაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გაკეთდეს.

"აუცილებლად უნდა მივიდეთ ოქტომბრამდე, რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი და აუცილებლად ეცდება, რომ ეს არჩევნები მიიტაცოს ისე, როგორც სახელმწიფო მიიტაცა. რაც შეეხება მეიდანს - "ქართული ოცნება" თავად, ღიად აცხადებს, რომ ის ადგას იანუკოვიჩის, კრემლის გზას და უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის და ხალხის არჩევანს, გახდეს დასავლური ოჯახის წევრი.

ტექნიკური მთავრობა იქნებოდა ყველაზე საუკეთესო სცენარი არჩევნებამდე, მაგრამ დღეს ეს ფუფუნება არ გვაქვს. "ქართული ოცნება" მიდის პირდაპირ ძალადობაზე საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ, გადის კონსტიტუციიდან, შესაბამისად, მთავარი თარიღი უნდა იყოს 26 ოქტომბერი,"-აცხადებს თეონა აქუბარდია.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ არჩევნებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩაატარებს, "რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს". მისივე აზრით, არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები