20 მაისი 2024,   20:55
ვრცლად
გვიან ღამით პარტია "ახალის" წევრ ნოდარ ჩაჩანიძესა და "გირჩი - მეტი თავისუფლება"-ს წევრ ბორის ჩელე ყურუას თავს დაესხნენ

გუშინ ღამით, თბილისის ქუჩებში კიდევ რამდენიმე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა. უცნობი პირები თავს დაესხნენ "გირჩი - მეტის თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუასა და პარტია "ახალის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს.

ბორის ჩელე ყურუა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა. "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, მას ხელკეტებით შეიარაღებული 6 ნიღბიანი ადამიანი დაესხა თავს.

"ღამით, სახლებთან ხვდებიან ვიღაც ვირთხები, ნიღბებში, ხელკეტებით, და ურტყამენ ადამიანებს, მეტი არაფერი. 6 ადამიანი დაესხა თავს, ხელკეტები ურტყეს, მაგრამ არაფერი - გაუძლია ეგეთებისთვის და უარესებსაც გაუძლებს," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

პარტია "ახალის" წევრი ნოდარ ჩაჩანიძე კი ამბობს, რომ თავდამსხმელებმა მისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენება ვერ მოახერხეს, რადგან სამანქანო გზისკენ გაქცევა შეძლო.

"მოვიდნენ უზრდელი სიტყვებით და როგორც კი მომიახლოვდნენ, დაიწყეს სირბილი. იცოდნენ ვინ ვიყავი, გამიზნულად დამხვდნენ, უბრალოდ, მოვასწარი სამანქანო გზაზე გადარბენა და ამან გადამარჩინა, რადგან ბევრი მანქანა დაგროვდა, გაჩერდნენ და სიგნალი დაუწყეს მანქანიდან. მუშტებით და მაჯებით შევძელი სახის დაცვა. მაქვს მცირე დაზიანება ხელზე, ფეხზე, რადგან წავიქეცი. არ მიმიმართავს სასწრაფოსთვის, რადგან არ მაქვს ისეთი დაზიანება,"- აცხადებს ნოდარ ჩაჩანიძე.

დაზარალებულების თქმით, მათ თავდამსხმელების იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს.

დღის ამბები