21 მაისი 2024,   01:27
ვრცლად
"ნაცმოძრაობას" ძალიან სურს, არალეგალური გზებით, სიტუაციის ადუღებით და რევოლუციის მოწყობის სურვილით, წარმატებას მიაღწიოს - დავით მათიკაშვილი

გავრცელებული ფარული ჩანაწერები ისევ პოლიტიკური ბრალდებების თემაა. მმართველი გუნდი, რევოლუციური გზით, ხელისუფლების შეცვლის სცენარზე საუბრობს, ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ხელოვნურად ცდილობს ქვეყანაში "ტემპერატურის ადუღებას".

"ფსკერს ქვემოთ არის სრულიად ამორალური სურვილები ცალკეული ჯგუფების, რომლებიც პირდაპირ არიან "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებულები, მათი მიზანია, რომ ქვეყანაში მსხვერპლი გამოიწვიონ, აადუღონ ტემპერატურა და გამოიწვიონ რევოლუცია ეს ნამდვილად არახალია ჩვენთვის.

კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხრიდან არის დიდი სურვილი, რომ არალეგალური გზებით, სიტუაციის ადუღებით და რევოლუციის მოწყობის სურვილით წარმატებას მიაღწიონ, რა თქმა უნდა, ამას ისინი ვერასდროს ეღირსებიან," - აცხადებს მათიკაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა" წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ჩანაწერებში არაფერია ახალი, რადგან იმავე შინაარსის ქმედებებს პირდაპირ ეთერში ხედავს.

"ჩანაწერები შეიძლება ვინმესთვის საეჭვო გამხდარიყო, ამას რეალურად რომ არ ვუყურებდეთ პირდაპირ ეთერში. ამ ჩანაწერების პარალელურად, ამავე შინაარსის ქმედებებს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებთ. ასე რომ, ამ ჩანაწერებში არაფერი ისეთი არ არის, რასაც ვერ ვხედავთ, ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება შესწავლა და გამოკვლევა,"- აცხადებს ხუნდაძე.

დღის ამბები