20 მაისი 2024,   21:38
ვრცლად
უჩა დაკავებას უკავშირებს თავის აქტიურობას ბოლოდროინდელ პროტესტებთან დაკავშირებით - ადვოკატი

უჩა აბაშიძის ადვოკატი ამბობს, რომ თავად ბლოგერი დაკავებას, პროტესტთან დაკავშირებით, თავის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს. ამოღებული იარაღები არის "ეარსოფტის" სათამაშო იარაღები, ხოლო ორი ნამდვილი იარაღი, რომელიც უჩა აბაშიძის სახლიდან ამოიღეს, რეგისტრირებულია და გაფორმებულია მისივე სახელზე - კანონიერად ფლობს მათ.

"ორი ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად ამოიღეს, რომელიც რეგისტრირებულია და გაფორმებულია უჩა აბაშიძის სახელზე. ის კანონიერად ფლობს მათ. დანარჩენი, რაც გავრცელებულ ვიდეოკადრებშიც ჩანს, ეს არის "ეარსოფტის" სათამაშო იარაღები, რომელიც ისვრის პლატმასის პატარა ტყვიებს, რომლითაც უამრავი ადამიანი ამ ქვეყანაში და მსოფლიოში ერთობა. ერთგვარი სპორტული საბრძოლო თამაშია. ამის მიღმა, კიდევ საუბარი იყო კიბერდანაშაულთან დაკავშირებით. ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა, არც პოლიციელების მხრიდან. თვითონ უჩა თავის დაკავებას ზუსტად ამას უკავშირებს - თავის აქტიურობას ბოლოდროინდელ პროტესტებთან დაკავშირებით," - ამბობს ადვოკატი, გიორგი მახარაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა. მას ორი მუხლით ედავებიან. ეს არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის კომპიუტერული მონაცემის ხელყოფა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა.

გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკის დროს, ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა. საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

 

 

დღის ამბები