20 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
იარაღზე ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს, რეგისტრირებულია და კანონიერად აქვს და დანარჩენი არც ერთის ქონა აკრძალული არ არის - უჩა აბაშიძის ადვოკატი

ბლოგერი უჩა აბაშიძე ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება და წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ მოინახულა. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ უჩა აბაშიძე დაკავებას აქციების დროს მის აქტიურობას უკავშირებს, რაც შეეხება იარაღს, მისი თქმით, გამოქვეყნებულ კადრებში ორი ნამდვილი იარაღია, რომელიც რეგისტრირებულია, დანარჩენი კი "ეარ სოფტის" მოწყობილობაა. 

"მე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მასალების გადმოცემასთან დაკავშირებით. ჯერ არ არის ბრალი წაყენებული, თუმცა ბრალდებულად ითვლება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაკავებულია. იარაღზე ძალიან მყარო პოზიცია გვაქვს, რაც აქვს, ის რეგისტრირებულია და კანონიერად აქვს და დანარჩენი არც ერთის ქონა აკრძალული არ არის, "ეარსოფთის" თოფებს ვგულისხმობ, იარაღსაც ვერ დაარქმევ ამას. ეს არის გასართობი თოფი. თვითონ ამ დაკავებას უკავშირებს თავის ბოლო დროინდელ აქტიურობას მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებით," - აცხადებს ადვოკატი, გიორგი მახარაძე.

უჩა აბაშიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერ შეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა. მას ორ მუხლს ედავებიან - ეს არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის კომპიუტერული მონაცემის ხელყოფა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა.

გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა. ღამით, იმ დროს როდესაც პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა, აბაშიძის სახლთან მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. მოგვიანებით მათ ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს.

დღის ამბები