20 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი, "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განსაზღვრა - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში უამრავი სპეკულაცია იყო, მათ შორის ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი, რომელიც პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

"პირველ რიგში, რაც შეეხება ხელისუფლების პოლიტიკას და საერთო ხედვას. უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ბოლო პერიოდში, მათ შორის საგარეო კურსთან დაკავშირებით. ინიციირებულ კანონპროექტს უკავშირებენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, რაც არის უხეში სპეკულაცია, მანიპულაცია. მინდა, მკაფიოდ განვმარტო კიდევ ერთხელ ის, რაც ყველასთვის ცხადი და ნათელია, ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და ეს კურსი არა მხოლოდ ზოგად დონეზეა განსაზღვრული, არამედ პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

იცით, რომ 2017 წელს, "ქართულმა ოცნებამ", ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეიტანა ნორმა საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში ინტეგრაცია ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცხადია ჩვენი პოლიტიკური კურსი, საგარეო კურსი და არა მარტო კურსია ცხადი, არამედ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიღწევები, შედეგები ამ მიმართულებით. ყველა ხელშესახები შედეგი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ იქნა სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ეს არის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, DCFTA-ის – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება. ყველა ეს შედეგი არის მიღწეული სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

ასევე, სწორედ ჩვენი მოწოდებაა პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის დაახლოება როგორც აშშ-თან, ისე ევროკავშირთან. ჩვენი თხოვნა არის, მოწოდება, მაგალითად აშშ-ს მიმართ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია. ეს, დარწმუნებული ვარ, არ დაამძიმებს აშშ-ს; ასევე, ხელი მოეწეროს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი ფრენები აშშ-ში. რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც ჩვენი მოწოდებაა, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში, როცა ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ნათელია, ვითხოვთ მეტ ურთიერთობას, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა სამწუხაროდ, არის თავშეკავებული პოზიცია, რასაც შეიძლება, ჰქონდეს თავისი მიზეზები, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვუწოდებთ ანტიქართულ განწყობას, პირიქით, გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა, მზაობა, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის და რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი. ეს არის ჩვენი განწყობა და ჩვენი პოზიცია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

დღის ამბები