20 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
გამჭვირვალობის პირობებში, ქართულ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენები დგას ამა თუ იმ ორგანიზაციის თანხების უკან - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამჭვირვალობის პირობებში, ქართულ საზოგადოებას, სრული ინფორმაცია ექნება იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენები დგას ამა თუ იმ ორგანიზაციის თანხების უკან. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში, სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრისას, "გამჭვირვალობის" კანონპროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ხელისუფლებას არ აქვს იმის ილუზია, რომ ეს ყველაფერი 100%-ით დააზღვევს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ რისკებს, თუმცა სერიოზული ფაქტორი იქნება სუვერენიტეტის დაცვაში და გამტკიცებაში.

"გამჭვირვალობის პირობებში, ქართულ საზოგადოებას, სრული ინფორმაცია ექნება იმასთან დაკავშირებით თუ რა გავლენები დგას ამა თუ იმ ორგანიზაციის თანხების უკან. ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს პოლიტიკური პარტიების შემთხვევაშიც. საქართველოში 90-იანი წლებიდან მოქმედებს პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ეს კანონმდებლობა შეესატყვისება საერთაშორისო კანონმდებლობას და ამის მიზანიც იგივეა - სუვერენიტეტის უზრუნველყოფა. როდესაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდება, ყველამ უნდა იცოდეს ის, თუ ვინ დგას ამ პოლიტიკური პარტიის უკან. აქედან გამომდინარე, ზუსტად იგივე მიზანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა მიზანიც აქვს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ეს ყველაფერი 100%-ით დააზღვევს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ რისკებს, თუმცა იქნება სერიოზული ფაქტორი, რომელიც სუვერენიტეტის დაცვაში და გამტკიცებაში დაგვეხმარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები