რა მოლოდინი აქვთ თბილისში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით - მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ შენიშვნები სამართლიანი იქნება. "ქართული ოცნება" აქვე კომისიის მიერ წარსულში მოწოდებულ რეკომენდაციებს იხსენებს, რომელიც მათი შეფასებით, ურთიერთგამომრიცხავიც კი იყო.
"ჩვენს მაგალითზე არა ერთხელ გვინახავს, რომ ერთმანეთისგან გამომრიცხავი დასკვნა მოეცათ ერთი და იგივე საკითხებზე. შესაბამისად, ეს ზოგადად ვენეციის კომისიისთვის და მისი რეპუტაციისთვის იყო ზიანის მიმყენებელი. ახლა დაველოდოთ მაინც, ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირას იქნება მათი რეკომენდაციები. გავეცნობით, რამდენად სამართლიანი იქნება," - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც ყველამ იცის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ცუდია და ის უნდა გაიწვიონ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს რომ კანონი მოსახლეობაში დაპირისპირებას იწვევს.
"ზოგადად არ ვიცი, რა უნდა გვითხრას ვენეციის კომისიამ ისეთი, რაც ქართველმა ხალხმა არ იცის ამ კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი არის უვარგისი, არაფერი მისგან არ გამოვა, მხოლოდ გვაპირისპირებს და ერთმანეთს გვამტერებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან. ამიტომ, ასეთი კანონი, ყოველგვარი ზედმეტი მაიმუნობების გარეშე უნდა იყოს გაწვეული, როგორც ერთხელ იყო," - ამბობს იაგო ხვიჩია.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ვენეციის კომისიამ მომდევნო კვირის დასაწყისში უნდა გამოაქვეყნოს.
ავტორი: მაია გრიგოლია