"უცხოელი პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ეს არის პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მოსახლეობას, შიდა თუ გარე ძალებმა პირდაპირ აუკრძალეს, ჰქონოდა ინფორმაცია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე.
მისივე თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი გზით და არა იმ ძალადობრივი ფორმებით, რომლის უკანაც რადიკალური ძალები დგანან.
ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა პოლარიზაციაზე და უცხოური პოლიტიკოსების ქმედებებზე, რაც მისი შეფასებით, საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევაა.
"სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უწყობენ უცხოელი პოლიტიკოსები. ამის საუკეთესო მაგალითი ვიხილეთ წინა დღეებში, როცა ისინი აქციაზე მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ. ეს არის პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს სომხეთში, ერევანში ან ნებისმიერ ქვეყანაში და ოპოზიციის მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა? მინდა, მოსახლეობას გავახსენო გასული წლები - 2020 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, პარალელური დათვლები, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა, გააყალბეს. ამაზე დაყრდნობით, ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჰქონდა; 2021 წელს ჟურნალისტებს ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა; 2022 წელს არასამთავრობო ორგანიზაციები გვიწყობდნენ რევოლუციას; 2024 წელს კი, დონორების მიერ დაანონსებულ რევოლუციურ სცენარს ვხედავთ. ყველა მსგავსი სცენარი და რადიკალიზმი განწირულია მარცხისთვის," - განაცხადა კახა კალაძემ.