01 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
არ შეიძლება ამხელა აქციის ორგანიზატორები იმალებოდნენ - იაგო ხვიჩია

პარლამენტთან "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქცია გვიან ღამით დასრულდა. მანამდე, აქციის მონაწილეებმა რამდენიმე მიმართულებით მსვლელობა გაიმართეს. პერიოდულობით, გადაკეტილი იყო რუსთაველი, ჭავჭავაძის გამზირი და გმირთა მოედანი. ერთ-ერთი მიმართულება "ქართული ოცნების" ოფისი იყო.

საპროტესტო აქციები შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აქციების ორგანიზატორი და დამფინანსებელი "ნაციონალური მოძრაობაა". უმრავლესობის განცხადებით, პარტია დემონსტრანტებს ინფრასტრუქტურითაც ეხმარება. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე, უარყოფს "ქართული ოცნების" განცხადებას, თითქოს საპროტესტო აქციებს "ნაციონალური მოძრაობა" აფინანსებს და აცხადებს, რომ ისიც საპროტესტო აქციების რიგითი მონაწილეა, რითაც ამაყობს.

"ნაციონალური მოძრაობა" ზუსტად ისეთივე ორგანიზატორია ამ აქციის, როგორც ნებისმიერი სხვა აქციის მონაწილე, რომელიც მოიცავს საქართველოს დროშას და მოდის აქციაზე. აქციებზე მეც ვარ, ზოგჯერ წინ ვარ, ზოგჯერ უკან, ზოგჯერ საკუთარი მანქანით მივდივარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვარ აქციის ორგანიზატორი, მე ვარ ერთ-ერთი ამ აქციაზე და ვარ ამაყი", - განაცხადა პაატა მანჯგალაძე.

"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ამხელა აქციის ორგანიზატორები იმალებიან.

"ყველა პოლიტიკური პარტია დგას ამ აქციაზე, სხვადასხვა ფორმით. ერთადერთი პარტია, ვინც ამას აღიარებს და არც საკუთარი ლოგოს გამოჩენა უტყდება, ვართ ჩვენ. აქციის ორგანიზატორებს ვეძებ რამდენი ხანია, არცერთი რომ არ გამოჩნდა, ვაგინე, მაგრამ მაინც არ გამოჩნდნენ, ეს არის სამარცხვინო ამბავი. ჩვენი პარტნიორები, ვინც ამათ ამას ურჩევს, შეცდომას ჩადიან. არ არის არაფერი დაფარული სუსისგან და თუ რამეს ვფარავთ, ვფარავთ მოქალაქეებისგან", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები