თბილისში "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მეშვიდე მინისტერიალი გაიმართა. ღონისძიებაში ეკონომიკის მინისტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, უნგრეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მთავრობების წევრებმა.
განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების შემდგომი ეტაპები. გადაწყდა, რომ მომდევნო შეხვედრა ბუქარესტში გაიმართება და დაფუძნდება ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმო, რომელიც პროექტის იმპლემენტაციაზე იმუშავებს.
ლევან დავითაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.
მისი თქმით, ამ მნიშვნელოვანი პროექტთ საქართველოს საშუალება აქვს ეფექტური გზით დაუკავშირდეს ევროკავშირს.
"ამ მნიშვნელოვანი პროექტთ საქართველოს საშუალება აქვს ეფექტური გზით დაუკავშირდეს ევროკავშირს და წვდომა ჰქონდეს მნიშვნელოვან ენერგო ბაზარზე, ასევე საქართველომ მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლი შეასრულოს და კასპიის ზღვის განახლებადი ენერგიების მიწოდების კუთხით ევროპას ახალი განახლებადი ენერგიებით უსაფრთხოების საკითხებში დაეხმაროს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის, ფარვიზ შაჰბაზოვის განცხადებით, აზერბაიჯანი და საქართველოის ქვეყნებია, რომლებმაც უნდა აწარმოონ განახლებადი ენერგია და უზრუნველყონ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება.
"აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყნებია ამ პროექტისთვის, რადგან ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც უნდა აწარმოონ განახლებადი ენერგია და უზრუნველყონ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება. ეს საკმაოდ კომპლექსური პროექტია და დიდ აქტივობას მოითხოვს. დღეს ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს და ამიტომ შეგვიძლია თბილისის შეხვედრა ვუწოდოთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდით პროექტისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, შევთანხმდით ინფრასტრუქტურის რამდენიმე მნიშვნელოვან ელემენტზე, რომელიც უნდა აშენდეს ამ პროექტის ფარგლებში, ასევე საფუძვლიანად განვიხილეთ საგზაო რუკა სამომავლოდ ჩვენი პროექტის განსავითარებლად", - განაცხადა ფარვიზ შაჰბაზოვმა.