01 ნოემბერი 2024,   04:08
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრმა "სიდისის" საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა - საუბარი C ჰეპატიტის პროგრამას შეეხო

ჯანდაცვის მინისტრი შტატების "სიდისის" საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ მათ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგები, გამოწვევები და გეგმები გააცნო.

მინისტრის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, მკვეთრად არის შემცირებული.

"საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით სერიოზული საქმე გაკეთდა, არაჩვეულებრივი რეზულტატები აქვს ქვეყანას და საბოლოო ჯამში, საკმაოდ ახლოს ვართ იმ მდგომარეობასთან, როდესაც მთლიანად თავისუფალი იქნება ქვეყანა C ჰეპატიტისგან, ეს არის უმნიშვნელოვანესი წარმატება ქვეყნისა,რაც არის ბოლო წლების სასწაული, შეგვიძლია გაბედულად ვთქვათ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აშშ -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების დირექტორის, ქეროლაინ ვესტერის განცხადებით, საქართველოში, 2015 წლიდან 2021 წლამდე მონაკვეთში, C ჰეპატიტი 67%-ით შემცირდა

"გვქონდა პატივი შევხვედროდით ჯანდაცვის მინისტრს და მინისტრის მოადგილეს, რათა გვემსჯელა ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე, რომელიც არის გრანდიოზული. 2015 წლიდან 2021 წლამდე მონაკვეთში, C ჰეპატიტი 67%-ით შემცირდა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, ვიმუშაოთ ერთობლივად, იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს თავის სტატუსის შესახებ და მიიღოს ხელმისაწვდომი მკურნალობა", - განაცხადა ქეროლაინ ვესტერმა.

დღის ამბები