საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში წინასაარჩევნოდ აქცენტი სწორედ უცხო ჩარევებისგან თავდაცვაზე კეთდება და თავად ევროკომისიის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაც ამას ადასტურებს.
რატი იონათამიშვილისთვის გაუგებარია, რატომ არის საქართველოსთვის მიუღებელი ის, რაც ევროპისთვის დასაშვებია.
"ფაქტია, რომ ევროკავშირის არჩევნების მთავარი თემა და საარჩევნო კამპანიებიც კი, იგება იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თავდაცვა გარე ჩარევებისგან. ასევე გავიხსენოთ, რომ ზაფხულში საფრანგეთი უკვე დაასრულებს კანონპროექტზე მუშაობას, რომელიც გამჭვირვალობას ეხება უცხოური ძალისგან თავდაცვის მიმართულებით და რომელიც გაცილებით უფრო მკაცრი რედაქციაა, ვიდრე ქართული კანონი. შესაბამისად, კიდევ უფრო გაუგებარია, რომ ეს ყველაფერი თურმე საჭიროა ევროპული დემოკრატიისათვის და იცავს ჩარევებისგან, რატომ უნდა იყოს მიუღებელი საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
ევროპულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ფონ დერ ლაიენმა დანიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპული დემოკრატიის დასაცავად, საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები უცხოური ჩარევების წინააღმდეგ. ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ის შექმნის "ევროპული დემოკრატიის ფარს", რათა უცხოურ ჩარევებს შეებრძოლოს.