16 ივნისი 2024,   01:11
ვრცლად
"ვენეციის კომისიამ ყველა ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობა დახურა" - რა შეფასებები კეთდება ოპოზიციაში "მკაცრ რეკომენდაციებზე"

ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გაწვევის "მკაცრ რეკომენდაციას" გასცემს, ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კანონი ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება.

"ყველა ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობა დახურა ვენეციის კომისიამ. დეტალურად დასაბუთებული აქვს ვენეციის კომისიას, თუ რატომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება და, რაც ყველაზე მთავარია, რატომ ეწინააღმდეგება რუსული კანონი ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამ კანონის არათუ გალამაზებაა შესაძლებელი, არამედ, ერთადერთი, რაც არის შესაძლებელი, გაუქმდეს და გავიდეს პარლამენტიდან," - აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს.

"ზოგადად, ვფიქრობ, რომ ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია მიღებულ კანონზე პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაიწვიონ სასწრაფოდ და გაუქმდეს, ძალიან იშვიათია," - ამბობს "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძე.

რაც შეეხება "გირჩის," ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისია ნახევრად პოლიტიკური ორგანოა, თუმცა აქვე ამბობს, რომ მმართველ გუნდს გამოსავალი აქვს, თუ კანონში ლობიზმს შემოიტანს.

"ვენეციის კომისია ნახევრად პოლიტიკური ორგანოა ფაქტობრივად. ის ეხმარება ევროპულ ინტეგრაციაში, რომელიც პოლიტიკური პროცესია, სხვადასხვა ქვეყანას. ეს კანონი გასაწვევია და თუ რამის რეგულირება სურს "ქართულ ოცნებას," ლობიზმი უნდა დაარეგულიროს. საკმარისი იქნებოდა ამ გამჭვირვალობის კანონში მითითება ყოფილიყო ლობიზმის კანონზე და მთელი პრობლემა მოიხსნებოდა. სინამდვილეში, გამოსავალი არსებობს," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები