16 ივნისი 2024,   02:38
ვრცლად
მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა

მსოფლიო ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა. საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამა ჯამში სამი ფაზისგან შედგება, 500 მილიონი დოლარის პოტენციური დაფინანსების პაკეტით, რომლის დანიშნულებაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემის გაძლიერება და პირდაპირი ელექტროკავშირის დამყარება სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის. პროგრამა შექმნილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მომზადების მომდევნო ეტაპების მხარდასაჭერად.

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი აცხადებს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს აქვს პოტენციალი,  გახდეს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმაციული დამაკავშირებელი.

"ამ პროგრამას წამყვანი როლის შესრულება შეუძლია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და ამბიციური ენერგეტიკული და ციფრული კავშირის ინიციატივის განხორციელებაში. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს აქვს პოტენციალი, გახდეს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმაციული დამაკავშირებელი, რომელიც შავი ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნებს დაეხმარება ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებაში, ენერგომომარაგების დეკარბონიზაციასა და განახლებადი ენერგიის განვითარებაში, ისევე როგორც პირდაპირი ციფრული კავშირების ზრდაში,"- აცხადებს როლანდ პრაისი. 

დღის ამბები