"ევროსასამართლომ მურუსიძის სამართალს გამამტყუნებელი უწოდა, ქალბატონმა ევამ ის მოსამართლედ დანიშნა, ახლა მთავრობას სურს ქალბატონმა ევამ ევროპას დაუდგინოს სამართლის სტანდარტები, ეს ჩვენთვის გაუგებარია,"- ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ევროსასამართლოში ევა გოცირიძის წარდგენის შესახებ.
კოჟორიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გაუგებარია, რა პრიორიტეტებით მოხდა ევა გოცირიძის შერჩევა, მაშინ როცა, კონკურსში ყველაზე მაღალი შეფასება ანა დოლიძემ მიიღო.
"ევროსაბჭოს სტანდარტები ამბობს, რომ თითოეულმა სახელმწიფომ ისეთი პროცესით უნდა შეარჩიოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც განამტკიცებს სასამართლოს მიმართ ნდობას, არ გააჩენს კითხვებს. ჩვენ შემთხვევაში მთავრობამ ჩაატარა ისეთი პროცესი, რომ თავიდანვე გააჩინა კითხვები, დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დამატებითი ჩრდილი მიაყენა ამ პროცესს,"- აცხადებს კოჟორიძე.
მთავრობამ ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძე დღეს წარადგინა.