18 მაისი 2024,   22:34
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებელი "ახალი სისხლის" მოლოდინშია - ბარათაშვილი გადადგა

საზოგადოებრივი მაუწყებელი "ახალი სისხლის" მოლოდინშია, სწორედ ამ საჭიროებით ახსნა თანამდებობის დატოვება, უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა. ის დღეს თანამშრომლებს დაემშვიდობა სამომავლო გეგმების შესახებ კი დეტალურად არ ისაუბრა. 

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი ბარათაშვილის მიერ ნათქვამი "ახალი სისხლი" შესაძლოა კოკა ყანდიაშვილი იყოს. თავად ყანდიაშვილი კურიერთან ადასტურებს, რომ თანამდებობის დაკავების სურვილი აქვს, თუმცა კონკურსის გამოცხადებას დაელოდება და საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ გამოაცხადებს. 

ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად სამეურვეო საბჭოს თვენახევარი აქვს. 10 დღეში საბჭომ კონკურსი უნდა გამოაცხადოს შემდეგ კი კონკურსში მონაწილე პირებიდან არჩევანი ერთზე შეაჩეროს. 

ცნობილია, რომ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ნინო ზაუტაშვილი. მასაც დღეს დეტალებზე არ უსაუბრია. 

პროცესებში საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირიც ერთვება. თანამშრომელთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ გიორგი ბარათაშვილს ფინანსური და სხვა სახის დარღვევები ჰქონდა. ისინი სახელმწიფო აუდიტს მოკვლევის ჩატარებას თხოვენ.

იმ შემთხვევაში კი თუ მსგავსი დარღვევები გამოვლინდება პროფკავშირი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის სხვა წევრების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვენ. უნდა წავიდეს თუ არა ბარათაშვილთან ერთად მისი გუნდიც ეს კითხვა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა პასუხის გარეშე დატოვა.

ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე გენერალური დირექტორის მოვალეობებს თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. 

ავტორი: ეკა გაგუა.

დღის ამბები