13 ივნისი 2024,   18:30
ვრცლად
სამხედროების საქმე და ოპტიმიზაცია თავდაცვის სამინისტროში - ოპოზიცია ძალოვანი უწყებების პირველ პირებს პარლამენტში იბარებს

სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რატომ გაატარეს მესაზღვრეებმა საზღვარზე და არ გააფრთხილეს ინტერპოლის ძებნის შესახებ ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, არ ისურვა.

ამ დროისთვის არც ის არის ცნობილი, დაიწყო თუ არა სამხედრო საქმეზე შიდა მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მოკლე განმარტება დღეს მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. შალვა ხუციშვილმა ცერცვაძის საქმეზე პოლიტიკური განცხადებებისთვის ოპოზიცია გააკრიტიკა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო პარლამენტში შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს იბარებს. ევროპული საქართველოს მოთხოვნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევაა, სადაც გია ცერცვაძისა და სხვა სამხედროების, ასევე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე შემცირებებზე არსებულ კითხვებს პასუხი უწყების პირველმა პირებმა უნდა გასცენ.

უმცირესობის მოთხოვნას, ძალოვანი უწყების სამინისტროების ნაცვლად პარლამენტის ვიცე სპიკერმა უპასუხა. თამარ ჩუგოშვილს კითხვის ნიშნები ცერცვაძისა და სხვა სამხედროების საქმესთან დაკავშირებით არ აქვს. თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციას კი ვიცე სპიკერი ნატოს რეკომენდაციით ხსნის.

ოპოზიციის მოთხოვნაზე ზეპირი განმარტება გაკეთდა ლევან იზორიას უწყებაში, სადაც რეორგანიზაცია ახალ გამოწვევებს დაუკავშირეს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველი და მეხუთე ბრიგადების გაერთიანებით, ჯარის რაოდენობა არ შემცირებულა. უწყებაში ბრიგადების გაერთიანებას კი სამხედრო პოტენციალის გაზრდის აუცილებლობით ხსნიან.

ყოფილი თანაგუნდელების მოთხოვნებს იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ძალოვანი უწყების მინისტრების მიმართ, ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების გამო, არა ერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა.

ნაციონალური მოძრაობა ძალაში ტოვებს ფრაქციის მოთხოვნას, გია ცერცვაძისა და სხვა სამხედროების საქმეებზე, ასევე ძალოვანი უწყებების რუსულ სპეცსამსახურებთან შესაძლო თანამშრომლობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

 

 

დღის ამბები