17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება," - თამარ ხულორდავა ვიზალიბერალიზაციაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს

ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესახებ, დოკუმენტზე ხელის მოწერას კურიერის პირდაპირ ეთერში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ეხმაურება. მან საქართველოს მოსახლეობას აღნიშნული ფაქტი მიულოცა და მოვლენას ისტორიული უწოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება. ეს არის თავისთავად ძალიან ხელშესახები შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ნამდვილად მივდივართ უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს სულ უფრო მეტ მოქალაქეს, რომ ამ დიდი პრივილეგიით ისარგებლოს,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ხულორდავას თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპის მხრიდან საქართველოს მისამართით.

„დღეს საქართველოს ევროკავშირში აქვს უპრეცენდენტოდ მაღალი მხარდაჭერა და ამის გამოხატულება იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რაც გამოჩნდა ევროპარლამენტში, როცა ეს საკითხი გადიოდა კენჭისყრაზე,“ - განაცხადა ხულორდავამ.

მისი თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ არ მოხდეს ამ პრივილეგიის დაკარგვა და არ ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი.

„სულ მალე უფრო აქტიურად დაიწყება კამპანია, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ ზუსტად რას გულისხმობს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლა," - აღნიშნა თამარ ხულორდავამ. 

დღის ამბები