17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ის არის მშიშარა - ხათუნა სამნიძე დავით ნარმანიას აკრიტიკებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს აკრიტიკებს. ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ მერიის სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით წინასწარ გააფრთხილოს თბილისის მთავრობა.  

„აჟიოტაჟი კი არა, განგაშია ასატეხი ისეთ მდგომარეობაშია დღეს საკრებულო, მისი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით და ასევე მერია, მერის გადაწყვეტილებით. მისი განცხადებები დღითიდღე, რომელსაც მხარს უჭერს სამწუხაროდ საკრებულოს თავმჯდომარე,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კურიერის ეთერში ხათუნა სამნიძემ საკრებულოს თავმჯდომარეც გააკრიტიკა, რომელსაც „განგაში უნდა აეტეხა“, როდესაც საკრებულოს წევრები მერიაში არ შეუშვეს. მისი თქმით, მერია კორუფციულ გარიგებებშია ჩაფლული და საკრებულოს ოპოზიცია მერიის სხდომაზე კიდევ მივა.

„ის, რომ კანონს არღვევს, ამას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ის არის მშიშარა, მას ეშინია, თვითონ ჩამოსულიყო მერი. ჩამობრძანებულიყო და თვითონ ესაუბრა ჩვენთან თუ მართლა შეუძლია მას და აღარ ეშინია მას იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც უკვე 2 კვირაზე მეტია ტრიალებს,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ საკრებულოს ოპოზიციამ საკრებულოში მერის მოწვევისთვის საკმარისი ხელმოწერები წარადგინა. მან ასევე დაამატა, რომ თბილისის საკრებულოს ოპოზიცია  სარჩელს ამზადებს, სადაც საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. სწორედ საკრებულოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს მილიონი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა.

დღის ამბები