17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
"ბოლო პერიოდში დავრწმუნდი, რომ დავით ნარმანია შინა პატიმრობაში აიყვანა სუს-მა," - თემურ გრიგალაშვილი

„დავრწმუნდი იმაში, რომ დავით ნარმანია შინა პატიმრობაში აიყვანა სუს-მა,“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თემურ გრიგალაშვილმა თბილისის მერის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა.

კონკრეტულად გრიგალაშვილი მერის მიერ, საკრებულოში მისვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით საუბრობს, სადაც დავით ნარმანიას, ოპოზიციის წევრების კითხვებზე პასუხი, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით უნდა გაეცა. 

 „ამ ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ დავით ნარმანია შინა პატიმრობაში აიყვანა სუს-მა. სუს-ი უმალავს დავით ნარმანიას საზოგადოებას, არ აძლევს გარეთ გასვლის საშუალებას. ჩვენ დავინახეთ საკრებულოს სხდომაზე, რომ ქართული ოცნების უმრავლესობის ძალიან დიდი სურვილია, რომ გაათეთრონ დავით ნარმანია. საბოლოო ჯამში ყველამ დაინახა, რომ ეს არ გამოდის, გამომდინარე იქიდან, რომ ვერანაირად ვერ ამართლებენ და ვერ აპრავებენ მის უკანონო ქმედებას ქრთამის გადაცემას და დიდი ოდენობის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას,“ - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

გრიგალაშვილის თქმით, მათ პრეტენზიები აქვთ საკრებულოს თავმჯდომარის მისამართით. ის ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე „ვალდებულია უზრუნველყოს ჩინოვნიკების მობრძანება, იგივე დავით ნარმანიას მისვლა და ეს არის მისი უშუალო ვალდებულება.“

გრიგალაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან არის დავით ნარმანიას გამართლების მცდელობა.

„პირველ რიგში, მან უნდა დაიცვას არა კორუმპირებული ნარმანიას ინტერესები, არამედ საკრებულოს თითოეული წევრის,“ - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

დღის ამბები