17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
ფული, ინფორმაცია და ძალა - ეს არის კრემლის იარაღი - ედვარდ ლუკასი

ჟურნალ ეკონომისტის უფროსი რედაქტორი ედვარდ ლუკასი ფიქრობს, რომ რუსეთის პირისპირ გადასარჩენად საქართველო უსაფრთხოების საერთო სისტემის ნაწილი უნდა გახდეს. მისი თქმით, დიპლომატებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ.

„ფული, ინფორმაცია და ძალა, ეს არის კრემლის იარაღია. მე ვიცი, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა მომძლავრდა, ეს კრემლის ინტერესია, რომ შეასუსტოს, პროდასავლური განწყობები და საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ამაზე. რატომ დებენ რუსული სახელმწიფო კომპანიები მედიაში ფულს, რომელსაც პუტინი ანტიდასავლურ იარაღად იყენებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკაზე რუსული ბიზნესის გავლენა ნაკლებად იყოს. ამისთვის საჭიროა დივერსიფიცირება ყველა შესაძლო გზით. როცა ამას გააკეთებთ, სხვა ქვეყნებისთვის თქვენი მხარდაჭერა უფრო ადვილი იქნება,“ - აცხადებს ედვარდ ლუკასი.

მისი თქმით, რუსეთთან დიალოგსა და სავაჭრო ურთიერთობებში ცუდი არაფერია, თუმცა, ედვარდ ლუკასის აზრით, ეს თანამშრომლობა არ უნდა დომინირებდეს.

„გაზის შემთხვევაში რუსული გაზი კარგია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ დომინირებს. თქვენ გაგიმართლათ, რომ გაქვთ გაზის ალტერნატიული რესურსი და არ ხართ 100 %-ით დამოკიდებული რუსულ გაზზე. ძალიან კარგია იყო სატრანზიტო ქვეყანა და აქედან მიიღო შემოსავალი. მე ვიცი გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ და მესმის ადმიანების, ვინც ფიქრობდა, რომ სომხეთთან გაზის ტრანზიტის მოლაპარკებებში თქვენი პოზიცია უფრო მტკიცე უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი უზარმაზარ ბაზარზე წვდომას იყენებს კოზირად და ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა ვაჭრობა უსაფრთხოებით კეთილდღეობის სანაცვლოდ, საბოლოო ჯამში ვერცერთს მიიღებთ,“ - განაცხადა ედვარდ ლუკასმა.

ავტორი: სოფო ზურაბიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები