17 მაისი 2024,   06:55
ვრცლად
მოსმენების კანონი - "ევროპული საქართველო" სარჩელის შეტანას და აქციებს გეგმავს

ევროპული საქართველოს არც ერთი დეპუტატი პარლამენტში მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებების დამტკიცებას არ დასწრებია. უმცირესობის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

ოპოზიციის წევრები კანონპროექტის საბოლოო განხილვას, ბოიკოტის გამო, საპარლამენტო სესიაზე არ დასწრებიან. კანონის ამოქმედების წინააღმდეგ მათ არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თბილისში იმსჯელეს.

ისინი უმრავლესობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევაში ადანაშაულებენ, რომლის თანახმადაც, ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კანონის მიღების მიუხედავად, ევროპული საქართველოს წევრები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი კანონის ამოქმედების წინააღმდეგ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლების მობილიზებას გეგმავენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები კანონპროექტს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებებთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.

ოპოზიციური პარტია კანონის ამოქმედებისთვის ხელის შესაშლელად ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებას და საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავს.

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი, მარიამ შანშიაშვილი.

დღის ამბები