17 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
ე.წ ციანიდის საქმე - მესამე სექტორი შოთაძის უწყებას შერჩევით სამართალში ადანაშაულებს

მესამე სექტორი შოთაძის უწყებას შერჩევით სამართალში ადანაშაულებს და კანონის იმ ნაწილზე მიუთითებენ, რომელიც კრძალავს გამოძიების დეტალების გასაჯაროებას იმ პირებისთვის, რომლებიც პროცესის მონაწილეები არ არიან.

ბრალდებები არჩევანის ეთერში პროტოპრესვიტერის განცხადებას მოყვა, რომელიც ღიად ადასტურებს, რომ საქმის მთავარი მტკიცებულებები, სინოდის ზოგიერთ წევრს და პატრიარქს თავად ირაკლი შოთაძემ გააცნო.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ადასტურებს რომ, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლის საფუძველზეც დეკანოზ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მომზადებას ედავებიან, სინოდის ზოგიერთ წევრს და პატრიარქს მთავარმა პროკურორმა საპატრიარქოში მოასმენინა.

თუმცა, რა სტატუსით გააცნო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებები სასულიერო პირებს, უცნობია. საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეში მხარეს არ წარმოადგენს.

რა სტატუსით აცნობენ მთავარი პროკურორი, პრემიერი და ხელისუფლების სხვა წევრები სასულიერო პირებს სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებებს, კითხვები აქვთ მესამე სექტორში. იურისტები აცხადებენ, რომ პროკურატურა კანონს უხეშად არღვევს.

არასამთავრობო სექტორი პროკურატურას იმასაც ახსენებს, რომ ციანიდის საქმეში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს გაუთქმელობის პირობაზე აქვთ ხელი მოწერილი. პარალელურად, კი ბრალდების მხარის მოწმეები საქმის მტკიცებულებებზე ინფორმაციას პატრიარქს და სინოდის წევრებს აწვდიან. 

პროკურატურის მიერ სინოდის ზოგიერთი წევრისთვის მტკიცებულებების გაცნობას ოპოზიცია საპატრიარქოზე ზეგავლენის მოხდენას უკავშირებს. განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში.

დღის ამბები