17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
გვარამიასთან დაკავშირებით ცვლილებების ჩატარების არავითარი გეგმა არ მაქვს - ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, მას ჯერჯერობით არანაირი გეგმა არ აქვს.

განცხადება ხალვაშმა ტვ პირველის ეთერში გააკეთა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ გვარამია დირექტორის თანამდებობაზე დარჩეს, ხალვაში ამბობს, რომ ამის დაბალი შანსია და აქვე დასძენს, რომ ის გვარამიასთვის შეუთავსებელი ადამიანია.

„არავითარი გეგმა არ მაქვს რომელიმე ცვლილების ჩატარების, თქვენ წარმოიდგინეთ გვარამიასთან დაკავშირებით. ძალიან დაბალი შანსია, ვფიქრობ, რომ გვარამიასთვის შეუთავსებელი ადამიანი ვარ, მე არა ვარ მიშა სააკაშვილი და არ ვაპირებ გვარამიას გამოკვებას პოლიტიკური ტელევიზიის ჩამოყალიბებით, როგორც დღეს ხდება. დღეს არის გვარამია მიშა სააკაშვილის ინტერესის გამტარებელი. ურეკავს მიშა სააკაშვილს და ადეიშვილს, ელაპარაკება, იღებს დავალებებს და იღებს დამსახურებულ ხელფასს. მე არ ვარ ის ადმიანი, რომელიც იგივეს გაუკეთებს გვარამია,ს რასაც უკეთებენ,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ქიბარ ხალვაში, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ დღეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის 60%-იანი წილი მიაკუთვნა, სამომავლო გეგმებზეც აკეთებს განცხადებას. მისი თქმით, რუსთავი2 აღარ იქნება დაკვეთის შემსრულებელი ტელევიზია და ის იქნება ხალხის სამსახურში.

ქიბარ ხალვაშის განცხადებითვე, ის ეცდება, წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროს.

„ჩემს ხელში არხი არ შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც დღეს აქვს. არ შეასრულებს იმ გაგებით, რომ არ იქნება ვიღაცის მოსამსახურე და აგიტატორი. ჩემს ხელში შეასრულებს ხალხის სამსახურში ყოფნის ფუნქციას. მე გაცილებით ნაკლებად ვარ დამოკიდებული ივანიშვილზე ან ოცნებაზე, ვიდრე გვარამიაა დამოკიდებული სააკაშვილზე. ასე რომ, ეს არ იქნება პარტიული ტელევიზია.

"ჩემი დის პოლიტიკოსობა გამოიწვია მიშა სააკაშვილმა, რომ ეს იყო ბრძოლის ელემენტი. არანაირი დივიდენდი არ აქვს პარტიისგან. არავითარი დიდ საქმიანობაში ჩარეული არ არის, თქვენ ალბათ მოსმენილი გექნებათ, რომ ჩემი დის პარტიულობის გამო, ან პარლამენტის წევრობის გამო არავითარი დამატებითი პრივილეგია არ მიგვიღია და მე ერთ რამეს დავამატებდი ზუსტად საქართველოს მოქალაქის პოზიციიდან, რომ მეც მინდა, რომ ტელევიზია იყოს ხალხის სამსახურში. როცა მე ვიყავი ხელმძღვანელი, არ გამომიყენებია ჩემი პირადი პარტიული ინტერესების და ჩემი პირადი ბიზნესის გასავითარებლად. როგორ გამომივა, არ ვიცი, მაგრამ შევეცდები, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოვასწორო,“ - განაცხადა ხალვაშმა.  

დღის ამბები