17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმეზე დიდი პალატის გადაწყვეტილებას მწვავე საერთაშორისო შეფასება მოჰყვა

გავლენიანი პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ რუსთავი2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემებს ხედავენ.

ევროპარლამენტის წევრმა და სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა, სარიუშ ვოლსკიმ, ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს მთავრობა დაელოდა უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხის, რუსთავი2-ის, ხელში ჩაგდებას უვიზო მიმოსვლის მიღებამდე გულუბრყვილო ევროკავშირისგან. კურიერთან ინტერვიუში კი ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს.

ევროპარლამენტის წევრმა, გუნარ ჰოკმარკმა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი2-ის საქმეზე ევროპულ გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯად შეაფასა.

პოზიციები ტვიტერზე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა, ჯოზეფ დოლიმ და ევროპარლამენტის დეპუტატებმა გამოხატეს.

alde-ს ჯგუფს მიაჩნია, რომ მედიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, რადგან რუსთავი2 საქართველოს მთავრობის ნდობით აღჭურვილი პირის ხელში გადავიდა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც გააკეთა.

ეუთო-ს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა, ჯერ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი2-ისა და თავისუფალი სიტყვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და მედია პლურალიზმზე უდიდეს დარტყმად შეაფასა. ამის შემდეგ კი ეუთო-ს სახელით ოფიციალური განცხადებაც გავრცელდა.

გადაწყვეტილება ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას - ასეთი პირველადი შეფასება გააკეთეს Freedom House-ში.

აშშ-ის საელჩო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსთავი2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

ამერიკელი ანალიტიკოსი, პოლ კრიგო, აცხადებს, რომ რუსთავი2-ის მითვისების მცდელობის ფონზე, საქართველო უფრო მეტად ემსგავსება რუსეთს.

მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებების მიმართულებით უზენაესი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის მოვლენების სამწუხარო განვითარებას უწოდებს.

 

 

ავტორები: თამარ ნუცუბიძე, სოფო ზურაბიანი 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები